არსენალის მიერ გატარებული სასტანდარტო სიტუაციების რევოლუცია უკვე საერთაშორისო დონეზეც იძლევა შედეგს.
მიქელ არტეტას ტაქტიკის ეს მთავარი შტრიხი ახლა ინგლისის ეროვნულ ნაკრებსაც ეხმარება, სადაც დეკლან რაისი კუთხურებისა და საჯარიმო დარტყმების მთავარ შემსრულებლად ჩამოყალიბდა.
„ჯოვერის ეფექტი“ და ნევილის კრიტიკა
რაისის გარდასახვა საჯარიმოების სპეციალისტად არსენალის სტანდარტების მწვრთნელის, ნიკოლა ჯოვერის დამსახურებაა. სწორედ მან დაინახა 27 წლის ნახევარმცველში ის ნიჭი, რომელსაც მანამდე ყურადღებას არავინ აქცევდა. ამ სათამაშო კომპონენტმა მეთოფეებს ორი ათწლეულის შემდეგ პრემიერ ლიგის ნანატრი ტიტული მოუტანა, ხოლო გარი ნევილმა ჯოვერს მეტოქეების მუდმივი გაღიზიანების გამო „ფეხბურთში ყველაზე აუტანელი კაციც“ კი უწოდა.
კარიერის დასაწყისში კუთხურებს საერთოდ არ ვასრულებდი, თუმცა ნიკოლა ჯოვერმა და არტეტამ ჩემში ისეთი რამ დაინახეს, რაც სხვებმა ვერ შეამჩნიეს. მითხრეს, რომ ბუკაიო საკას გარდა, გუნდში ბურთის ასეთ ზონებში ჩაწოდება მხოლოდ მე შემიძლია. იმ მომენტიდან მეც ვირწმუნე ეს და მაქსიმალურად ჩავერთე პროცესში
ტუხელის გეგმა მუნდიალზე
ინგლისის ნაკრები ჩრდილოეთ ამერიკაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე რაისის ამ თვისებას უკვე წარმატებით იყენებს. ხორვატიასთან გამარჯვებისას (4:2) მან კაპიტან ჰარი კეინს საგოლე გადაცემა სწორედ სტანდარტულიდან გაუკეთა.
მთავარ მწვრთნელ ტომას ტუხელს სურს, რომ ნაკრებმა პრემიერ ლიგის მაღალი ინტენსივობა და ტაქტიკური სიმკაცრე მუნდიალზეც გადაიტანოს. რაისის თქმით, კანზას სიტის საწვრთნელ ბაზაზე სტანდარტების დამუშავებას უდიდესი დრო ეთმობა და გუნდს მოედანზე მკაფიო გეგმა აქვს.
რის ჯეიმსი კრიტიკოსებს პასუხობს
სანამ რაისი საგოლე პასებით იწონებს თავს, ჩელსის კაპიტანი რის ჯეიმსი ნაკრების ძირითადში ადგილს იმკვიდრებს. მედიაში მისი ტრავმების შესახებ არსებულმა მუდმივმა საუბრებმა 26 წლის მცველი უკვე დაღალა:
ტრავმებზე საუბარი უკვე მოსაბეზრებელია. გასულ სეზონში 39 მატჩი ჩავატარე. ჩემი საქმეა მოედანზე მაქსიმუმი გავიღო და ამ ზედმეტ ხმაურს ყურადღებას აღარ ვაქცევ