ბარსელონასთან მატჩში ჩავი ესპარტთან შეჯახების შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანი სამედიცინო პერსონალის დახმარებით დატოვა და მარჯვენა ფეხზე დადგომას საერთოდ ვერ ახერხებდა.
მოგვიანებით ქართველი ფეხბურთელისთვის ყველაზე ცუდი და კატასტროფული დიაგნოზი დადასტურდა - მუხლის ჯვარედინი იოგების გაწყვეტა.
გავლენიანმა გამოცემა L'Equipe-მა ტრავმის სიმძიმის შესაფასებლად ფრანსუა პიეტრას მიმართა, რომელიც 24 წლის განმავლობაში (2001-2025) სტრასბურგის სამედიცინო დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. ფრანგი ექიმის პროგნოზი გულშემატკივრებისთვის უმძიმესი მოსასმენია. პიეტრა ეჭვს გამოთქვამს კლუბის ოფიციალურ განცხადებაზეც, რადგან მათ მხოლოდ იოგების გაწყვეტა ახსენეს და არ დააკონკრეტეს სხვა პოტენციური თანმდევი დაზიანებები, რამაც შეიძლება სარეაბილიტაციო პროცესი კიდევ უფრო გააჭიანუროს.
სპეციალისტის თქმით, მსგავსი ტრავმის რეაბილიტაციას მინიმუმ 6-7 თვე სჭირდება. ექიმის პირდაპირი განცხადებით, ნამდვილი სასწაული იქნება, თუ კვარაცხელია მიმდინარე სეზონში თამაშს კიდევ შეძლებს. მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო შტაბი ფეხბურთელებს თავს ევლება და მაქსიმუმს აკეთებს, დროის სიმცირისა და ინტენსიური მოსამზადებელი პერიოდის ფონზე, ქართველ ვარსკვლავს სრულად გამოსაჯანმრთელებლად დრო მომდევნო სეზონის დაწყებამდე დასჭირდება.