24 ოქტომბერს არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში, აბუ დაბიში, UFC 333-ზე ქართველი გულშემატკივრისთვის წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა გაიმართება, სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრისთვის მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანს დაუპირისპირდება.
მთავარი მოვლენის მოახლოებასთან ერთად, ცნობილმა სპორტულმა პორტალმა talkSPORT-მა UFC-ის ყოფილ ჩემპიონს, ჰენრი სეხუდოს ჰკითხა, თუ რამდენად შესწევს მერაბს მოქმედი ჩემპიონის დამარცხების ძალა. სეხუდოს პასუხი საკმაოდ ემოციური და საინტერესო აღმოჩნდა. მან თბილისში, მერაბთან ერთად ღვინის სმის ეპიზოდი გაიხსენა და ის მთავარი ფაქტორი დაასახელა, რაც ქართველს აუცილებლად დასჭირდება.
დიახ, ვფიქრობ, რომ მერაბს პიოტრ იანის დამარცხება შეუძლია, მაგრამ ამისათვის საჭიროა, რომ გაბრაზდეს. [...] მერაბ, დაიბრუნე ის წყეული რისხვა, რაც ყოველთვის შენი თანმდევი იყო. [...] ამ უაზრო მოკრძალებას თუ მოიშორებს, აუცილებლად გაიმარჯვებს
მან ასევე გაიხსენა მერაბის სიტყვები იანთან პირველი ბრძოლის შემდეგ, სადაც ქართველმა თქვა, რომ ნებისმიერთან შეიძლებოდა დამარცხება, მაგრამ იანთან წაგების უფლება არ ჰქონდა.
შეგახსენებთ, რომ სეხუდოსა და მერაბს საკმაოდ საინტერესო ისტორია აკავშირებთ. მერაბმა მისი დამარცხება UFC-ის ოქტაგონზე უკვე შეძლო. გარდა ამისა, მათი გზები საჭიდაო ორგანიზაცია RAF-შიც გადაიკვეთა, თბილისში გამართულ შეხვედრაში მანქანამ იმარჯვა, თუმცა ამერიკაში სეხუდომ რევანშის აღება მოახერხა.
ვნახოთ, გაითვალისწინებს თუ არა მერაბი ყოფილი მეტოქის რჩევას და ვიხილავთ თუ არა ოქტაგონზე ისევ იმ „გაბრაზებულ“ და უკომპრომისო მებრძოლს.