-
Aa
+
ფონტის ზომა
სენტ-ტრუიდენი ბელგიის პატარა, იგივე სახელწოდების მქონე ქალაქში 1924 წელს ორი საფეხბურთო კლუბის, უნიონისა და გოლდსტარის გაერთიანების შემდეგ შეიქმნა. სენტ-ტრუიდენი მაღალი მიზნებისთვის მებრძოლი გუნდი არასდროს ყოფილა - მათი უდიდესი მიღწევა 1999 წელს ლიგის თასის მოგება და სამჯერ რანგით მეორე ლიგის ჩემპიონობაა.
უმაღლეს დივიზიონში ბელგიური კლუბის საუკეთესო შედეგი 1966 წელს დაფიქსირებული მეორე ადგილია, კონფერენს ლიგაზე კი სენტ-ტრუიდენი 2025/26 წლების სეზონში მოპოვებული მესამე პოზიციიდან, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის გავლით მოხვდა.
ბელგიური კლუბი ევროპა ლიგის პლეი-ოფში ნიქოზიის ომონიასთან ორი მატჩის ჯამში 4:3 დამარცხდა, რის შემდეგაც იბერია 1999-ის მსგავსად ასპარეზობის უფლება უეფას კონფერენს ლიგაზე მოიპოვა. ისევე როგორც თბილისური კლუბისთვის, ევროპული ტურნირის ფინალურ ეტაპზე ეს სენტ-ტრუიდენისაც პირველი მატჩია.
სენტ-ტრუიდენში უთამაშიათ ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიც არიან სიმონ მინოლე, ზაიონ სუზუკი, შინჯი კაგავა, ვატარუ ენდო, ტომიასუს თუ დაიჩი კამადას. ბელგიურ კლუბში იაპონელების სიმრავლე კი 2017 წელს კლუბის იაპონური კომპანიის მიერ შეძენას უკავშირდება.
დღესაც გუნდში ყველაზე მეტი იაპონელი მოთამაშეა - სენტ-ტრუიდენის პირველ გუნდში რვა ბელგიელი და რვა იაპონელი მოთამაშე ირიცხება. კანარებს ბელგიელი სპეციალისტი, ფრედერიკ დე მეიერი წვრთნის.
დე მეიერის შეგირდებმა მიმდინარე სეზონი კატასტროფულად დაიწყეს - სენტ-ტრუიდენს პირველ რვა ტურში მხოლოდ 2 მოგება უგროვდება და ცხრილში მე-12 პოზიციას იკავებს. განსაკუთრებით მძიმე გამოდგა ბოლო ხუთი მატჩი, სადაც კანარები 4-ჯერ დამარცხდნენ და 11 გოლი გაუშვეს.
რაც შეეხება იბერია 1999-ს, თბილისური კლუბი ჩემპიონობისთვის იბრძვის, 28 ტურის შემდეგ მესამე პოზიციაზეა და ლიდერ ბათუმის დინამოს მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება. იბერიამ უკანასკნელი ხუთი მატჩიდან ოთხი მოიგო და კონფერენს ლიგის ისტორიულ მატჩს ოპტიმალურ ფორმაში ხვდება.
იბერიამ წლევანდელ ევროტურნირებზე საქართველოს ჩემპიონის სახელით მოხვდა და ასპარეზობა ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდიდან დაიწყო - თბილისურმა კლუბმა ესტონური ფლორა ორი მატჩის ჯამში 5-4 დაამარცხა, ხოლო მეორე ეტაპზე სლოვან ბრატისლავასთან 3:1 დამარცხდა.
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე იბერიამ ჩრდილოირლანდიური ლარნე ორი მატჩის ჯამში 2-1 დაამარცხა და პლეი-ოფში იაგელონიასთან მარცხის მიუხედავად, კონფერენს ლიგის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობა გაინაღდა.
ტრავმის შემდეგ იბერიას ქართული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი დაუბრუნდა - აწ უკვე არსენალის საკუთრებაში მყოფი ანდრია ბართიშვილი ხვალინდელი მატჩისთვის ბელგიაში გაემგზავრა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია ექნება თუ არა ლევან კორღალიძეს მისი გამოყენების საშუალება.
შეგახსენებთ, რომ ისტორიული დაპირისპირება ხუთშაბათს, 15 ოქტომბერს, 23:00-ზე ბელგიაში, დაიო ვასაბი სტეიენის სტადიონზე გაიმართება - მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს სილქ უნივერსალი და სეტანტა სპორტი შემოგვთავაზებენ.

ნიკოლოზ კვარაცხელია
კომენტარები