-
Aa
+
ფონტის ზომა
adjarabetarena.com გთავაზობთ მადრიდის რეალისა და ესპანეთის ნაკრების ლეგენდის, სერხიო რამოსის ავტობიოგრაფიული წიგნიდან ამონარიდებს.
პირველი ნაწილი - სერხიო რამოსი - გული, ხასიათი, გატაცება [ნაწილი 1]
ყველაზე ძვირფასი ადამიანები
შვილები ჯერ არ მყავს (შეგახსენებთ, რომ წიგნი 2012 წელს დაიწერა, დღეისთვის სერხიო 4 შვილის მამაა - ავტ.) და ძალიან მინდა რომ მყავდეს, რადგან პატარა ბავშვები და მათი მოვლა მსიამოვნებს. მაგრამ, ახლა ყველაზე მეტად სამ ადამიანზე ვზრუნავ - დედაზე, დასა და ძმისშვილ დანიელაზე. მეოთხე ასეთი ადამიანი ჩემი ბებიაა, მაგრამ მასზე ამ წიგნში ცალკე ვისაუბრებ.
მე დედიკოს ბიჭი ვარ. ჩემი და - დედაჩემის მარჯვენა ხელია. მე კი, იძულებული ვიყავი ის ფეხბურთის გამო დამეტოვებინა. ჩემი დედაზე მიჯაჭვულობა ჩემს მეგობრებსაც კი აკვირვებს. მას ყველაფერს ვუყვები, აბსოლუტურად ყველაფერს და სამაგიეროდ არაფერს ვითხოვ. ის ჩემთვის მეგობარი უფროა, ვიდრე დედა.
ბავშვობაში, ჩვენს ოჯახში მკაცრი მხოლოდ მამა იყო. ის იყო ერთადერთი, ვინც გვსჯიდა ან გვეჩხუბებოდა, თუ რაიმე ცუდს ვაშავებდით. დედა სულ ჩემი თანამოაზრე იყო და სულ მე მიჭერდა მხარს. თუ მამა მსჯიდა და არ მაძლევდა გარეთ გასვლის ან ფეხბურთის თამაშის ნებას, ეგრევე დედასთან მივდიოდი, ყველაფერს ვუყვებოდი და ჩვენ ერთად ვთხოვდით მამას, რომ მას გადაწყვეტილება შეეცვალა. მამა ხელს არასდროს გვირტყამდა, თუმცა თუ გვეჩხუბებოდა, ხელში სულ ჩექმა ეკავა, რომელიც არც გამოუყენებია, ამით ის უბრალოდ ჩვენგან მისი სიტყვის გათვალისწინებას გვთხოვდა.
ჩვენ ოჯახში ერთმანეთისთვის საჩუქრების კეთებას ვართ შეჩვეულები და ამისთვის, არ ველით არც ვინმეს დაბადების დღეს და არც შობას. დედასთვის ყვავილების საყიდლად, მაღაზიაში ხშირად სრულიად უმიზეზოდაც წავსულვარ. პირველი დიდი საჩუქარი დედასთვის კი ყელსაბამი იყო. დედას ბებიისგან ოქროს ყელსაბამი ერგო, რომელიც ვიზუალურად მეც ძალიან მომწონდა, იმდენად, რომ ხშირად, ვიღებდი და ვუყურებდი ხოლმე. ერთხელაც, 14-15 წლის ასაკში ის ვარჯიშზე წავიყოლე და ვეღარ ვიპოვე. თავიდან ვფიქრობდი, რომ ვარჯიშის დროს ამომვარდა, მოედანი ათასჯერ შემოვიარე, მაგრამ მაინც ვერ ვიპოვე. შემდეგ ვიფიქრე, რომ შეიძლება, ვინმემ მომპარა. როცა დედამ ყელსაბამი ვერ იპოვა, ჩემთან მოიკითხა და მოტყუება მომიწია - ვუთარი, სხვას ვათხოვე და აუცილებლად დავიბრუნებ - მეთქი. რა თქმა უნდა, ის ყელსაბამი ვეღარ დავიბრუნე, რადგან ფიზიკურად არ ვიცოდი, რა ბედი ეწია. დედამ პირველივე დღიდან იცოდა სიმართლე, მაგრამ არაფერი მითხრა, რადგან აინტერესებდა, თავს როგორ გავიმართლებდი.
პირველი ხელფასის აღების შემდეგ, საიუველირო მაღაზიას მივაშურე და დედას დაკარგულის მსგავსი ყელსაბამი ვუპოვი - იდენტური არ იყო, მაგრამ დედას ძალიან მოეწონა, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო.
დედა იყო იმ ადამიანთ შორის, ვინც ჩემი პროფესიონალი ფეხბურთელობით ძალიან იზარალა, რადგან ის ჩვეულებრივ ადამიანზე ბევრს განიცდის და ნერვიულობს. ზუსტად ასეა ჩემი დაც. მამამ ყველა სირთულე გაცილებით მარტივად გადალახა, ჩემი ძმა კი დღემდე მამაცად იგერიებს ცხოვრების რთულ იერიშებს. ყველაზე მეტად დედას და დას გაუჭირდათ, რომლებსაც ცხოვრებისადმი ცოტა განსხვავებული მიდგომა აქვთ. ისინი საკუთარ სამყაროში ცხოვრობენ. თვლიან, რომ ამ მსოფლიოში ყველაფერი კარგი, გულახდილი და უბრალოა, მათი მსგავსი ადამიანი დედამიწაზე ძალიან ცოტაა, ამიტომ ორივე ხშირად რაღაცისგან იჩაგრება.
დედა ხშირად მანებივრებს საჩუქრებით. ახლაც კი, ყველაზე კარგად მან იცის, რა მჭირდება ყველაზე მეტად და საუკეთესო მომენტს არჩევს ჩუქებისთვის. მან ჩემი გემოვნება ძალიან კარგად იცის. ბოლო საჩუქარი, რომელიც დედამ გამიკეთა, ოქროს ბეჭედი იყო, რომელიც მეც მერგო, ჩემს დასაც და ძმასაც. ბეჭდის მეორე მხარეს ამოქარგულია წარწერა: "დედას უყვარხართ, ძვირფასებო".
ძალიან კარგად მახსენდება ის მომენტი, როცა მან მუქი ნაიკის ბოტასები მიყიდა ჰაეროვანი ძირით. იმდენად მომწონდა, რომ მათი გახდა ძილის დროსაც არ მინდოდა. მაშინ საკმაოდ შეძლებულად ვცხოვრობდით, თუმცა რთული მომენტების გადატანაც გვიწევდა.
ჩემი და მირიამი - ჩემი სისუსტეა. თუ შევხვდები გოგოს, რომელიც რაიმეთი მაინც ემგვანება ჩემს დას, აუცილებლად ცოლად მოვიყვან. ის ერთადერთი გოგოა სახლში, ჩემზე მხოლოდ თვეებით არის უფროსი და ფაქტობრივად ერთად ვართ გაზრდილები, ერთმანეთს არასდროს ჩამოვშორებულვართ. მირიამი განსაკუთრებულია, ჩემთვის ძალიან ძვირფასი. არადა, როდესაც პატარა ვიყავი, ჩემთან თამაშის უფლება არასდროს ვაძლევდი. ის მუდამ ჩემთან ერთად გამოდიოდა სასეირნოდ, სეირნობდა ჩემს მეგობრებთან ერთად, რაც ძალიან არ მომწონდა. მას ვეუბნებოდი, რომ წასულიყო და გოგოებთან ეთამაშა. შემდეგ ის მირბოდა და ყველაფერს მამას უყვებოდა, რომელიც ამის გამო მეჩხუბებოდა. ის სპეციალურად მაბრაზებდა, რადგან იცოდა, რომ მამა მას არასოდეს ეჩხუბებოდა. მაგრამ, ყოველდღე, ჩვენ ერთ საწოლში გვეძინა. მე რენეს ოთახში ვცხოვრობდი, მაგრამ იმის გამო, რომ სახლში ძალიან გვიან მოვდიოდი, დასაძინებლად მირიამის გვერდით ვწვებოდი.
გასულ ზაფხულს ის გათხოვდა და ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო დღე, ამას ცალკე თავს მივუძღვნი. ვტიროდი. ბევრს ვტიროდი. მტირალა არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ რაც უფრო მემატება ასაკი, მით უფრო მგრძნობიარე ვხდები. იმის დანახვამ, რომ ჩემი და ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს დგამს, ძალიან გამაბედნიერა. მირიამი ამ მხრივ არაჩვეულებრივია, ჩვენ მას სულ ვიცავთ. ქორწილის დღემდე მეგონა, რომ ის დამოუკიდებლად ცხოვრებას ვერასდროს შეძლებდა, მაგრამ გავიდა სულ რამდენიმე თვე და რეალობა ის არის, რომ ახლა ის ცხოვრების ახალ ეტაპს იწყებს თავის ქმართან ერთად, რომელიც ჩემი ბავშვობის მეგობარია.
პირველი ცრემლები მაშინ წამომივიდა, როცა ის ტაძრისკენ მიემართებოდა. მაგრამ, რამდენიმე ცრემლი მაშინაც წამსკდა, როცა ვუყურებდი მას ალფონსო XIII-ს სასტუმროში და ვფიქრობდი, თუ როგორი მომხიბვლელი იყო. როდესაც ეკლესიისკენ დავიძარით და ერთმანეთს გადავხედეთ, მას თვალები აუცრემლიანდა, მაგრამ მაკიაჟის გამო ტირილი არ შეეძლო. სამაგიეროდ, მე არ მქონია ასეთი პრობლემა და პატარა ბავშვივით ავქვითინდი. ამის შემდეგ, კიდევ ორჯერ ვიტირე. ერთხელ, ბებიაჩემის გარდაცვალებისას და მეორედ, ანტონიო პუერტას დაკრძალვაზე. მაგრამ, ჩემი დის ქორწილში ბედნიერების ცრემლები იყო.
ოჯახის წევრები ჩემმა ცრემლებმა ძალიან გააკვირვა. თუმცა, ეს დადებითი ემოციების გამომჟღავნება იყო და ამ სცენის წარმოდგენაზე, ახლაც შემიძლია ავტირდე. მე და მირიამს ერთნაირი გემოვნება გვაქვს და ერთნაირად ვაზროვნებთ. მას ძალიან ვერ ეჩხუბებით, იმიტომ, რომ ის ძალიან მგრძნობიარეა და თუ გაუბრაზდები, თავს გარიყულად გრძნობს. მეტიც, თუ ერთმანეთზე გაბრაზებულები ვართ, ეს ორ დღეზე მეტს არ გრძელდება. ასეა დედას შემთხვევაშიც. მაგრამ, პირველ ნაბიჯს ისინი დგამენ. მოდიან და ჩემთან ლაპარაკს იწყებენ, იმიტომ, რომ მე უფრო ჯიუტი ვარ. თუმცა, ეს უფრო ადრე იყო, ახლა ასე აღარაა. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ მე არასდროს ვითხოვდი პატიებას, მაგრამ ახლა, ეს აუცილებელია და ამას ვაკეთებ კიდეც.
ჩემთვის მესამე ძვირფასი ადამიანი დანიელაა, რენეს შვილი, ჩემი ულამაზესი პრინცესა. მსურს, რომ ჩემი შვილები მას ჰგავდნენ. მამობა ძალიან მინდა. ბავშვები ყოველთვის მიყვარდა. ეს ჩვენს ოჯახში პირველი ბავშვი იყო და ჩემი მშობლების პირველი შვილიშვილი. ყოველთვის, როდესაც მას ვხედავ, როცა ან ის ჩამოდის ხოლმე მადრიდში ან მე ჩავდივარ სევილიაში, ვხვდები, რამდენად მინდა მამობა. თუმცა, ის ფაქტობრივად ჩემი შვილიც არის. დანიის კარში გატანილი გოლი მას მივუძღვენი, მიუხედავად იმისა, რომ იმ მომენტისთვის, ის ჯერ დაბადებულიც კი არ იყო. ძალიან ლამაზი ბავშვია. მთელი ჩვენი ოჯახი უბრალოდ გიჟდება მასზე. უკანასკნელი ევროპის ჩემპიონატის ზეიმობისას, ვხედავდი, როგორ ერთობოდნენ ჩემი თანაგუნდელები თავის ბავშვებთან ერთად და დანიელას დავუძახე, რათა ის ჩემთან მოედანზე გამოსულიყო.
განაგრძე კითხვა
ექსკლუზიური სტატიების წასაკითხად, გაიარე ავტორიზაცია
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები