გამოცემა One Football-ის მიხედვით, ლუის ენრიკე, ლილთან მატჩისას, ხვიჩა კვარაცხელიასა და დეზირე დუეს დაცვითი პერფორმანსით უკმაყოფილო დარჩა.
ესპანელი სპეციალისტი პირველ ტაიმში ამ ყველაფერს ტექნიკურ ზონაშივე, მკვეთრი მოძრაობითა და ჟესტებით გამოხატავდა, პრესკონფერენციაზე კი ასეთი კომენტარი გააკეთა:
"დღეს გაგვიმართლა. წარმოუდგენელია, რომ 3 გოლი გავიტანეთ. ფეხბურთი ასეთია. ლილი ასეთ სხვაობას არ იმსახურებდა.
ყველა მომენტში კონცენტრაცია გჭირდება, თუ მოდუნებული ხარ და ფიქრობ, რომ მოსაგებად დრო კიდევ გაქვს, ასე არაა. თამაში 100%-ით უნდა დაიწყო და მეტოქეზე ზეწოლა მოახდინო. როცა საუკეთესო პრესინგს ვერ ახორციელებ, პრობლემები აქეთ გექმნება.
ის, როგორც პირველ ტაიმში დაცვაში ვიმუშავეთ, ძალიან სახიფათო იყო. დღევანდელი თამაში კარგი მაგალითია იმისა, თუ რისი შეცვლა გვმართებს", - აღნიშნა ესპანელმა.
პსჟ-მ ლილი 3:0 დაამარცხა - უსმან დემბელემ დუბლი შეასრულა, ერთიც ბრედლი ბარკოლამ შეაგდო. კვარაცხელიამ მოედანზე 63 წუთი გაატარა.
18 ტურის შემდეგ, ლუის ენრიკეს გუნდს 42 ქულა აქვს, ლიდერია და ლანსს, რომელიც დღეს ბოლოსწინა ადგილოსან ოსერს უმასპინძლებს, 2 ქულით უსწრებს.
20 იანვარს, პარიზელებს ლისაბონის სპორტინგთან ჩემპიონთა ლიგის გასვლითი მატჩი აქვთ, 23 რიცხვში კი იმავე ოსერს ასევე სტუმრად შეხვდებიან.