გიორგი შერმადინმა ახალი სეზონი მადრიდის რეალთან ჩაგდებული 23 ქულითა და ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მოთამაშის სტატუსით დაიწყო.
შეხვედრა გაიმართა ესპანეთის სუპერთასის ეგიდით, რომელშიც გასული სეზონის 4 საუკეთესო გუნდი მონაწილეობს. ტენერიფელებმა სამეფო კლუბთან, დრამატული ბოლო წუთების ფონზე, 71:72 წააგეს.
შერმადინი სასტარტო ხუთეულში არ იყო, თუმცა 30:13 წუთი ითამაშა და გუნდს 23 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი შესძინა. მას მარგი ქმედების კოეფიციენტი ორივე გუნდში საუკეთესო ჰქონდა – 28.
წაგებულთაგან 14 ქულა ჩააგდო მარსელინიო უერტასმა, რეალში კი საუკეთესო შედეგი სერხიო ლულსა და ამერიკელ გაბრიელ დეკს ჰქონდათ - 12-12 ქულა.
რეალი სუპერ თასის ფინალში გავიდა ვალენსიაზე, რომელმაც, თავის მხრივ, უნიკახა მალაგა 6-ქულიანი სხვაობით დაამარცხა - 93:87.
ტენერიფე მომდევნო მატჩს ესპანეთის ჩემპიონატის პირველ ტურში, 4 ოქტომბერს, მანრესასთან გამართავს.