ვენის ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილთან გამარჯვების შემდეგ კარლოს ალკარასმა მატჩი შეაფასა.
„ვფიქრობ, მთლიანობაში შესანიშნავად ვითამაშე, პირველი ქულიდან უკანასკნელამდე. ძალიან კარგი ჩოგბურთი ვაჩვენე და დღევანდელი თამაშით ნამდვილად კმაყოფილი ვარ.
პირველ სეტში ბურთს წარმოუდგენლად კარგად ვურტყამდი და კორტზე თავს შესანიშნავად ვგრძნობდი. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ მეტოქეს საკუთარი სტილით თამაშის საშუალებას არ ვაძლევდი.
მეორე სეტიც საკმაოდ კარგად დავიწყე, ისევე, როგორც პირველი. თუმცა, როდესაც 3:2-ზე ვაწვდიდი, რამდენიმე შეცდომა დავუშვი, მან კი თამაშის დონე აამაღლა. საშუალება მივეცი, მატჩში დაბრუნებულიყო. ამის შემდეგ შეხვედრა ძალიან დაძაბული გახდა. ის შესანიშნავად თამაშობდა, განსაკუთრებით ტაი-ბრეიკზე.
მას სამი მარტივი ბურთი ჰქონდა სეტის მოსაგებად, მე კი სამი მარტივი შესაძლებლობა მატჩის დასასრულებლად.
საბოლოოდ, ორივემ გავუშვით ეს შანსები ხელიდან, თუმცა ძალიან ბედნიერი ვარ იმით, თუ როგორ მოვახერხე ბრძოლაში დაბრუნება“, – განაცხადა ალკარასმა.
ATP-ის რეიტინგის მე-3 ნომერმა, ალკარასმა, ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ მე-2 სეტში მეტოქის გააქტიურებას გაუძლო და შეხვედრა ანგარიშით 6:1, 7:6(11) მოიგო.
VIDEO: გიჟური დასასრული - ბასილაშვილმა ალკარასთან ბოლომდე იბრძოლა