ნიკოლოზ ბასილაშვილმა ვენის 500-ქულიან ტურნირზე პირველი, 1/16 ფინალური რაუნდი დასძლია.
ქართველმა ჩოგბურთელმა ავსტრიელ იური როდიონოვს ორ სეტში აჯობა და 1/8 ფინალის საგზური მოიპოვა - 7:6; 6:1.
ნიკა პირველ სეტში 5:4-ზე აწვდიდა, თუმცა საქმე მივიდა ტაიბრეიკამდე, რომელშიც 7:3 გაიმარჯვა. მეორე პარტიაში დიდი სათამაშო უპირატესობა ჰქონდა.
ბასილაშვილს მომდევნო წრეში შეხვდება მსოფლიო ჩოგბურთის ერთ-ერთ ტოპ ვარსკვლავს, ესპანელ კარლოს ალკარასს, რომელიც ამჟამად ATP-ის რეიტინგის მე-3 ნომერია და დიდი სლემის 7 ტურნირი აქვს მოგებული.
23 წლის ალკარასმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ 39 შეხვედრა ჩაატარა (34 მოგება, 5 წაგება) და მოიგო ავსტრალიის ღია პირველობა, ასევე დოჰასა და ტოკიოს ტურნირები. აპრილიდან აგვისტოს ბოლომდე მაჯის ტრავმა ჰქონდა.
ნიკა კარლოსთან მესამე ურთიერთშეხვედრას გამართავს - 2021-ში როლან გაროსზე 0:3 დამარცხდა (4:6; 2:6; 4:6), ხოლო 2022-ში მადრიდში 3:6; 5:7 წააგო.
ბასილაშვილისა და ალკარასის 1/8 ფინალური მატჩი ხვალ, 29 ოქტომბერსაა ჩანიშნული.