გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მე-10 ტურში კარლსრუემ საკუთარ მოედანზე ჰაიდენჰაიმი 2:1 დაამარცხა.
ამ მარცხით ჰაიდენჰაიმის მოუგებელი სერია 5 მატჩამდე გაიზარდა, გუნდი კი 10 ტურის შემდეგ მოპოვებული 15 ქულით სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზე იმყოფება და საუკეთესო სამეულს 3 ქულით ჩამორჩება.
სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა ბუდუ ზივზივაძემ, რომელიც თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ გამოვიდა. პირველ ტაიმში ქართველ თავდამსხმელს მომენტი ჰქონდა და კარში თავითაც დაარტყა, თუმცა ბურთს სიძლიერე აკლდა, რის გამოც მეკარემ ის მარტივად დააფიქსირა.
მიმდინარე სეზონში 32 წლის ქართველს მეორე ბუნდესლიგის 8 შეხვედრაში (აქედან 7 სასტარტოში) 3 გოლი აქვს გატანილი. სეზონის განმავლობაში მან ორი მატჩი გამოტოვა, მე-5 ტურში კილთან ავადმყოფობის გამო ვერ ითამაშა, ხოლო მე-8 ტურში ვოლფსბურგთან გუნდს მუხლის ტკივილის გამო ვერ დაეხმარა. მომდევნო ტურში, 8 ნოემბერს, ჰაიდენჰაიმი საკუთარ კედლებში აუტსაიდერ ჰანოვერს მიიღებს.