ლა ლიგის 35-ე ტურში ბარსელონა სტადიონ მონტჟუიკზე მადრიდის რეალს უმასპინძლებს.
შეხვედრა თბილისის დროით 18:15 საათზე გაიმართება და დიდი შანსია, უდიდესი გავლენა მოახდინოს ლა ლიგის საჩემპიონო ბრძოლაზე.
აღნიშნულ შეხვედრას ორივე გუნდი განსხვავებული პრობლემებით ხვდება - რეალის განაცხადში მხოლოდ შემდეგი მცველები მოიპოვებიან: ლუკას ვასკესი, ვალიეხო, ფრან გარსია, ასენსიო, იუსები და ხაკობო რამონი, რაც მონტჟუიკზე ჩასვლას გუნდს უკიდურესად ურთულებს.
თავის მხრივ, ბარსელონამ შუა კვირაში 120 წუთი ითამაშა ინტერთან და შოკი გამოიარა - გუნდს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლას რამდენიმე წუთი აშორებდა, თუმცა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდა.
მართალია, ფეხბურთელები მას შემდეგ ხაზს უსვამენ, რომ სრულად კონცენტრირებულები არიან კლასიკოზე და ამ სეზონში რეალის მეოთხედ დამარცხება აქვთ მიზნად დასახული, თუმცა ფსიქოლოგიურად ასეთი შოკის გამოვლა და რამდენიმე დღეში უკვე სხვა მატჩზე ბოლომდე კონცენტრირება არც ისეთი ადვილი ამბავია, რაც რეალის შანსებს ერთი ორად ზრდის.
პირდაპირი გავლენის მოხდენა ელ კლასიკოს საჩემპიონო რბოლაზე ნაკლებად შეუძლია, რადგან ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში, მეორე გუნდი შანსებს მაინც შეინარჩუნებს: თუ რეალი მოიგებს, სხვაობა გუნდებს შორის 1 ქულამდე შემცირდება, თუმცა ყველაფერი მაინც ბარსას ხელში დარჩება, ბოლო 3 ტურში ესპანიოლის (გასვლა), ვილიარეალის (სახლი) და ბილბაოს (გასვლა) დამარცხების შემთხვევაში, გუნდი ლა ლიგის ჩემპიონი მაინც გახდება.
ფრე ყველაფერს ისე დატოვებს, როგორც ახლაა - 4 ქულა სხვაობა ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე.
ინტრიგას ყველაზე მეტად მადრიდის რეალის გამარჯვება სჭირდება, რომ ბოლო 3 ტურში ლა ლიგას აზრი ყველაზე მეტად ჰქონდეს და ჩემპიონობისთვის დიდი ბრძოლა გაჩაღდეს.
რეალთან გამარჯვების შემთხვევაში, ბარსელონას ჩემპიონობის ოფიციალურად განაღდება მომდევნო კვირაში, ესპანიოლთან კატალონიურ დერბიში შეეძლება.
ამ სეზონში გამართული სამივე ელ კლასიკო ბარსელონამ მოიგო: ჯერ ლა ლიგაში 4:0, შემდეგ სუპერთასის ფინალში 5:2, ბოლოს კი, 2 კვირის წინ, კოპა დელ რეის ფინალში, 3:2.
საკადრო პრობლემები ორივე გუნდშია, თუმცა რეალს განსაკუთრებული დაღი დაცვაში დაასვა - სავარაუდოდ, ბარსას ისევ ვერ დაეხმარებიან ჟულ კუნდე და ალექს ბალდე, თუმცა ამ უკანასკნელს მინიმუმ თადარიგში მაინც ვიხილავთ. ისევე, როგორც რობერტ ლევანდოვსკის - ჰანსი ფლიკმა მატჩის წინ ღიად თქვა, რომ ორივე მათგანს სასტარტოში მოხვედრის ნაკლები შანსი აქვს.
სავარაუდო შემადგენლობები
ბარსელონა: შესნი, ერიკ გარსია, კუბარსი, მარტინესი, ხერარდ მარტინი, პედრი, დე იონგი, ოლმო, იამალი, რაფინია, ტორესი
რეალი: კურტუა, ვალვერდე, ასენსიო, ჩუამენი, ფრან გარსია, სებალიოსი, მოდრიჩი, ბელინგემი, გიულერი, ვინისიუსი, მბაპე.