მადრიდის რეალის გარემოცვასთან დაახლოებული წყაროების ინფორმაციით, ვინისიუს ჯუნიორმა შეამცირა ხელფასთან დაკავშირებული მოთხოვნები, რომლებიც მოლაპარაკებების საწყის ეტაპზე, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის შემდეგ ჰქონდა.
ამ ეტაპზე ფეხბურთელსა და კლუბს შორის სხვაობა დაახლოებით 15 პროცენტს შეადგენს, რაც მოლაპარაკებების ფარგლებში გადალახვად ბარიერად მიიჩნევა. მხარეები ოპტიმისტურად არიან განწყობილი და შეთანხმების მიღწევა საკმაოდ რეალისტურიც ჩანს.
გამოცემა AS-ის ცნობით, მადრიდის რეალი ბრაზილიელ ვარსკვლავთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს უახლოეს პერიოდში განაახლებს. ვინისიუსი ამჟამად მოქმედი ხელშეკრულების ბოლო 18 თვეში შედის, რაც საკითხს დამატებით აქტუალობას სძენს.
წყაროები ხაზს უსვამენ, რომ ფეხბურთელის მომავალთან დაკავშირებით არაფერი შეცვლილა: მადრიდის რეალს სურს ვინისიუსის შენარჩუნება, თავად მოთამაშეს კი — კლუბში დარჩენა.
მხარეებს შორის არსებული პოზიტიური განწყობის ფონზე, მოსალოდნელია, რომ შეთანხმება უახლოეს თვეებში იქნება მიღწეული და ვინისიუსი მადრიდის რეალის პროექტის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად დარჩება.
ვინისიუსის კონტრაქტი ბოლო თვეებია რეალის გარშემო მთავარ სალაპარაკო თემად იქცა, მოქმედი ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულში იწურება და კლუბს სურს, ეს საკითხი რაც შეიძლება მალე მოაგვაროს, რადგან დროის გასვლასთან ერთად მოლაპარაკებებში უპირატესობა ფეხბურთელის მხარეს გადადის. თუმცა, თავდაპირველი მისი მოთხოვნები რეალის ხელმძღვანელობამ გადამეტებულად მიიჩნია, რის გამოც, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მხარეები მოლაპარაკებებში მკვდარი წერტილიდან დაძვრას ვერ ახერხებდნენ.