ლიონელ სკალონის განცხადებით, ლიონელ მესი არგენტინის ნაკრებში „შეუდარებელ მემკვიდრეობას“ ტოვებს.
ლეგენდარული ფეხბურთელი ეროვნული გუნდის შემადგენლობაში ბოლო მატჩისთვის ემზადება.
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ესპანეთთან მარცხის შემდეგ მესიმ სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა, თუმცა გულშემატკივრებთან გამოსამშვიდობებლად „ალბისელესტეს“ მაისურით საკუთარ ქვეყანაში კიდევ ერთ, უკანასკნელ შეხვედრას ჩაატარებს.
39 წლის მესი ბენინის წინააღმდეგ ითამაშებს და არგენტინის ნაკრებში 208-ე მატჩს ჩაატარებს, ეს ქვეყნის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.
მესის არგენტინის ნაკრების ისტორიაში ყველაზე მეტი გოლიც აქვს გატანილი - 125. გარდა ამისა, მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში მას ყველაზე მეტი შედეგიანი მოქმედება აქვს - 33 (21 გოლი და 12 საგოლე გადაცემა).
ზაფხულში მესი გახდა ერთადერთი ფეხბურთელი კაცთა ფეხბურთის ისტორიაში, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის 3 ფინალში სასტარტო შემადგენლობიდან ითამაშა.
მან არგენტინას 2022 წელს მსოფლიო ჩემპიონობა მოაპოვებინა, ამ ტრიუმფამდე და მის შემდეგ კი კოპა ამერიკის 2 ტიტულიც მოიგო.
ახლა, როდესაც მესი არგენტინის ნაკრებში უკანასკნელი მატჩისთვის ემზადება, სკალონიმ თავისი გუნდის ლიდერი კიდევ ერთხელ განსაკუთრებულად შეაქო.
მესი რაღაც განუმეორებელს ტოვებს.
„ჩვენ თამაში უნდა გავაგრძელოთ, მაგრამ მოედანზე მისი ყოფნით გამოწვეული განცდა უნიკალურია. არასდროს მინახავს სხვა ფეხბურთელი, რომელსაც მოედანზე იმის გადმოცემა შეეძლოს, რასაც ის აკეთებს. სწორედ ეს მოგვაკლდება ყველაზე მეტად.
„ახლა, როცა ვიცით, რომ ის ჩვენთან აღარ იქნება, მხოლოდ ნოსტალგია რჩება. ის წარმოუდგენელი მაგალითია, პირველი მოდის და ბოლო მიდის. ის, თუ როგორ უვლის საკუთარ თავს და როგორ უდგება თითოეულ მატჩს...
მის თამაშს რომ უყურებ, მაშინვე ხვდები, რომ ფენომენია, მაგრამ მის მიღმა კიდევ ბევრი ისეთი რამ არის, რასაც თანაგუნდელები ხედავენ. ის საუკეთესო მაგალითია, როგორიც კი შეიძლება არსებობდეს.
„მან დატოვა, ან ჯერ კიდევ ტოვებს, რადგან ერთი მატჩი დარჩა, რაღაც შეუდარებელი.“
არგენტინას მესის გარეშე ჯერჯერობით იდეალური შედეგი აქვს. „ალბისელესტემ“ ორ ამხანაგურ შეხვედრაში ბოლივია 4:0, ხოლო ბურკინა-ფასო 7:0 დაამარცხა.
არგენტინისა და ბენინის მატჩი 7 ოქტომბერს, 03:00 საათზე დაიწყება.