13 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
გადაწყვეტილება ფრანგი ფეხბურთელის კომენტარს მოჰყვა, რომელიც მასა და მაო ძედუნის შედარების ამსახველ ინტერნეტმიმს ეხებოდა.
ადგილობრივი გამოცემა The Paper-ის ინფორმაციით, რომელიც სახელმწიფო ტელემაუწყებლის შიდა წყაროებს ეყრდნობა, გადაწყვეტილება ორშაბათს საღამოს ამოქმედდა.
გარდა ამისა, ეთერიდან ამოიღეს ყველა სარეკლამო რგოლი და ვიდეო, რომელშიც ფრანგი ფეხბურთელი მონაწილეობს.
ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა სამშაბათს რამდენიმე ჩინური კომპანიის, მათ შორის სასმელების მწარმოებელი Dongpeng-ისა და რძის პროდუქტების მწარმოებელი Mengniu-სა და Milkground-ის განცხადებები.
კომპანიებმა მბაპესთან კომერციული თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადეს და უკმაყოფილება გამოთქვეს ისეთი ქმედებების მიმართ, რომლებიც, მათი შეფასებით, ჩინელი ხალხის გრძნობებს შეურაცხყოფს.
Dongpeng Beverage Group-მა საკუთარი და მისი ბრენდის, Bu Shui La-ს ოფიციალური ანგარიშების მეშვეობით ჩინურ სოციალურ ქსელ Weibo-ზე განცხადებები გაავრცელა. Weibo პლატფორმა X-ის მსგავსია, რომელიც ჩინეთში დაბლოკილია.
კომპანიამ ფეხბურთელთან თანამშრომლობის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ „ეროვნული გრძნობების შეურაცხმყოფელი ქმედებების მიმართ ნულოვანი ტოლერანტობა“ აქვს.
მოგვიანებით მსგავსი განცხადებები გაავრცელეს Mengniu-მ და Milkground-მაც. ორივე კომპანიამ ფრანგ თავდამსხმელთან კომერციული ხელშეკრულებების შეწყვეტა დაადასტურა, თუმცა არცერთ მათგანს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რომელი ინციდენტი გახდა ამ გადაწყვეტილების მიზეზი.
ბოლო თვეების განმავლობაში ჩინეთის ქალაქებში, განსაკუთრებით კი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას, ხშირად ჩნდებოდა სარეკლამო ბანერები, ავტობუსებსა და ლიფტებში განთავსებული რეკლამები, რომლებშიც მბაპე Bu Shui La-ს სასმელების პოპულარიზაციას ეწეოდა.
ამავდროულად, ჩინურმა პლატფორმა Xiaohongshu-მ, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე RedNote-ის სახელით არის ცნობილი, სამშაბათს განაცხადა, რომ მბაპესთან თანამშრომლობა ჯერ კიდევ 2024 წლის 31 დეკემბერს, ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ დასრულდა.
პლატფორმის წარმომადგენლებმა ასევე აღნიშნეს, რომ ფეხბურთელთან დაკავშირებულ კონტენტს ამოწმებენ და ნაწილს შლიან.
სკანდალი მას შემდეგ დაიწყო, რაც მბაპეს ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ჰკითხეს, რომელი ინტერნეტმემი იყო მისი საყვარელი.
ფრანგმა ფეხბურთელმა უპასუხა:
ყველაზე მეტად ის მიმი მაცინებს, რომელშიც ჩემი სახე ჩინელი დიქტატორის გამოსახულებაზეა გამოყენებული. ამ მიმს მეგობრებთან ურთიერთობისას ხშირად ვიყენებ.
მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელს კონკრეტული ლიდერი არ დაუსახელებია, ბოლო თვეებში სოციალურ ქსელებში პოპულარული გახდა გამოსახულება, რომელზეც მბაპეს სახე ჩინეთის ყოფილი ლიდერის, მაო ძედუნის პორტრეტზეა დატანილი.
ჩინეთში ყოფილი ლიდერებისა და ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან (CCP) დაკავშირებული ცნობილი ფიგურების სატირული გამოსახვა შესაძლოა სამართლებრივი დევნის საფუძველი გახდეს.
მსგავსი ქმედებები შეიძლება შეფასდეს, როგორც „გმირებისა და წამებულების ცილისწამება“. ქვეყანაში პოლიტიკური შინაარსის კონტენტი მკაცრ ცენზურას ექვემდებარება.

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები