2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, შოტლანდიელი გულშემატკივრები შოკში არიან – აშშ-ში მოგზაურობის ელექტრონული ნებართვები (ESTA) ბოლო მომენტში, ყოველგვარი განმარტების გარეშე გაუუქმდათ.
მუნდიალის სტარტამდე კვირაზე ნაკლები რჩება (11 ივნისს ტურნირი, მექსიკა - სამხრეთ აფრიკის მატჩით იხსნება), თუმცა ათობით შოტლანდიელი ფანი ჩრდილოეთ ამერიკაში გამგზავრებას ვეღარ ახერხებს. დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს აშშ-ში უვიზოდ, სწორედ ESTA-ს სისტემით 90 დღით შესვლა შეუძლიათ. ფანებს ნებართვები დიდი ხნის წინ ჰქონდათ დამტკიცებული, თუმცა ამ კვირაში სტატუსი მოულოდნელად შეეცვალათ და ქვეყანაში შესვლა აეკრძალათ.
დაზარალებული გულშემატკივრები BBC Scotland-თან ყვებიან, რომ ათასობით ფუნტი უკვე გადახდილი აქვთ და მათი "ცხოვრების მთავარი მოგზაურობა" ჩავარდა. მაგალითად, ძმებმა ენდრიუ და ნელსონ სპირსებმა ტურნირში 10 000 ფუნტი გადაიხადეს, ნებართვა დეკემბერში მიიღეს, 3 ივნისს კი სისტემამ მგზავრობა აუკრძალა. ისინი სასწრაფო წესით ვიზის მიღებას ბელფასტში, აშშ-ის საკონსულოში ცდილობენ.
შოტლანდიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე C ჯგუფში თამაშობს. ისინი პირველ მატჩს 13 ივნისს ჰაიტისთან გამართავენ, შემდეგ მაროკოს შეხვდებიან, 24 ივნისს კი ბრაზილიას დაუპირისპირდებიან.