ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა განაცხადა, რომ გუნდს არსენალთან ჩემპიონობისთვის ბრძოლა გაუჭირდება.
დღეს, პრემიერ ლიგის 21-ე ტურის ფარგლებში, ლივერპული გასვლაზე არსენალს დაუპირისპირდება — მატჩი თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება. მიკელ არტეტას გუნდი სატურნირო ცხრილს 48 ქულით ლიდერობს, ხოლო მერსისაიდელები მეოთხე ადგილზე არიან და ლიდერს 14 ქულით ჩამორჩებიან.
„ყოველთვის უსიამოვნოა იმის თქმა, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლა დასრულებულია — ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. თუმცა ჩემპიონობის რბოლა ამ ეტაპზე ბოლო საკითხია, რაზეც უნდა ვილაპარაკოთ. ჩვენი პოზიციიდან გამომდინარე კარგად ვიცით, რომ არსენალთან ტიტულისთვის კონკურენცია ძალიან რთულია.
ახლა მთავარი ამოცანაა პირველ ოთხეულში ან ხუთეულში მოხვედრა და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება. ასევე ყველა სხვა ტურნირზე ბრძოლა, სადაც ჯერ კიდევ შანსი გვაქვს — ჩემპიონთა ლიგა, ინგლისის თასი.
თუ რაიმე მოულოდნელი მოხდება, რაც ალბათ აქამდე არასდროს მომხდარა, მზად ვიქნებით. მაგრამ არსენალთან მატჩს ჩემპიონობის რბოლაზე ფიქრებით არ ვხვდებით. ლონდონში მივდივართ იმისთვის, რომ ძალიან ძლიერი გუნდის წინააღმდეგ თამაში მოვიგოთ“, — თქვა სლოტმა.