აფრიკის თასის ფინალში ნამდვილი სიგიჟეები დატრიალდა.
გადამწყვეტ შეხვედრაში ერთმანეთს მასპინძელი მაროკო და სენეგალი დაუპირისპირდნენ და გამარჯვება სენეგალელებს დრამატულ ბრძოლაში დარჩათ.
90 წუთში ვერცერთმა გუნდმა ვერ შეძლო დაწინაურება. 92-ზე სენეგალმა კუთხურიდან გოლი გაიტანა, რომელიც მსაჯმა საჯარიმოში დაჯარიმების გამო გააუქმა. აქედან 6 წუთში ბრაჰიმ დიასის საჯარიმოში წაქცევისთვის მასპინძლების სასარგებლოდ პენალტი დაინიშნა, რასაც მოედანზე ნამდვილი სიგიჟე მოჰყვა.
სენეგალელებმა თავი დაჩაგრულად იგრძნეს, მწვრთნელმა ფეხბურთელები მოედნიდან გაიყვანა და თამაშის გაგრძელებაზე უარი თქვა. ფანები მინდორზე შევარდნენ და მატჩის ჩაშლა სცადეს.
საბოლოოდ, ყველაფერი სადიო მანემ დაალაგა, რომელმაც თავისივე მწვრთნელის მოედნიდან გასვლის ბრძანება უგულებელყო, თანაგუნდელები მოედანზე დააბრუნა და თამაშის გაგრძელებისკენ მოუწოდა.
15 წუთის დაგვიანებით პენალტი დაზარალებულმა, ბრაჰიმ დიასმა შეასრულა და გოლის გატანა ორიგინალურად სცადა — რეალის შემტევმა პანენკა დაარტყა, თუმცა ედუარ მენდიმ ჩანაფიქრი გამოუცნო და დარტყმა მარტივად მოიგერია.
საბოლოოდ საქმე ექსტრა-ტაიმში გადაიზარდა, სადაც 94-ე წუთე პაპე გეიემ მოახერხა ერთადერთი გოლის გატანა და სენეგალს ისტორიაში მეორე აფრიკის თასი მოაგებინა.
მაროკო კი, რომელიც ტურნირს მასპინძლობდა, კვლავ ერთი ისტორიული ტიტულით დარჩა, რომელიც გუნდმა შორეულ 1976 წელს მოიპოვა.