საქართველოს საკალათბურთო ეროვნული ჩემპიონატი, სუპერლიგა დაიწყო. პირველი ტური 3 დღეზეა გადანაწილებული – თამაშები გურჯაანში, თბილისში, გორსა და ზესტაფონში ჩატარდება.
ასე, 3-4 დღეზე იქნება თამაშები უმეტესწილად გადანაწილებული, რადგან სუპერლიგაში 8 ქალაქის 11 გუნდი მონაწილეობს ეს ქალაქებია: თბილისი (კსუ, ვსა, თსუ, რაში), რუსთავი, ბათუმი, ქუთაისი, ზესტაფონი, ტყიბული, გორი და გურჯაანი.
სწორედ გურჯაანმა უმასპინძლა 2005-2026 წლების სუპერლიგის სეზონის პირველ მატჩს, რომელშიც დელტამ ბათუმს უმასპინძლა. ამ გუნდებმა მონაწილეობა მიიღეს დუდუ დადიანის მემორიალში და მათ შორის ძალთა თანაფარდობა კარგად გამოჩნდა. ბათუმს უფრო სოლიდური შემადგენლობა ჰყავს და დელტასთან მატჩში ფავორიტად ითვლებოდა. პროგნოზმა გაამართლა – აჭარულმა გუნდმა გურჯაანში დელტა 107:81 (სტატისტიკა) დაამარცხა.
მასპინძლებმა მეტოქეს წინააღმდეგობა პირველ პერიოდში გაუწიეს, თუმცა ათწუთეული 20:25 წააგეს. მეორე პერიოდის ნახევარიც და ბათუმელებმა გაილაღეს. მათმა ამერიკელმა ლეგიონერებმა – ჯერემი შოუმ და მაირინ ტომასმა დელტას დაცვასა და შესაბამისად, ქულების გროვებას ალღო აუღეს. შედეგმაც არ დააყოვნა და ამას გიორგი ოჩხიკიძის სამქულიანებიც რომ დაემატა, ბათუმელთა ლიდერობამ დიდი შესვენებისთვის 17 ქულას მიაღწია.
ვითარება არ შეცვლილა მეორე ნახევარში. ბათუმელთა ლიდერობამ 20 ქულას მალევე გადააბიჯა და 30-ს უწია. მატჩის ბედიც ბოლო პერიოდის ახალდაწყებულზე გადაწყდა, როცა ბათუმი მეტოქისთვის მიუწვდომელი გახდა.საბოლოოდ ზღვისპირელებმა 26 ქულით იმარჯვეს და ბათუმში პირველი მოგებით ხელდამშვენებულები დაბრუნდნენ.
ბათუმელებს 25 ქულითა და 16 მოხსნით ტომასმა ულიდერა. 20 ქულა, 5 მოხსნა და 5 პასი ჰქონდა შოუს, 18 ქულა და 9 პასი გიორგი ოჩხიკიძის ანგარიშზეა. დელტას შემადგენლობაში საუკეთესო იყო ლეგიონერი – ლაკიმ მაკლილი. 16 ქულა რევაზ როგავამ, ხოლო 15 ჯულიან ვანსმა მიითვალეს.
სუპერლიგის პირველი ტურის მომდევნო მატჩები თბილისი არენაზე (თსუ-ზესტაფონი, რაში-კსუ) და გორში (ივერიონი-ვსა) გაიმართება. ტურს კვირას, ქუთაისისა და ორბის შეხვედრა დახურავს, რომელიც ზესტაფონში გაიმართება.