6 დეკემბერს ევრო 2028-ის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები მესამე კალათაში იქნება წარმოდგენილი. ცნობილმა სტატისტიკურმა პორტალებმა უკვე გამოთვალეს ჩვენი გუნდის შანსები.
Football meets Data-ს სუპერკომპიუტერის ანალიზით, საქართველოს ნაკრებს ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების 16.5%-იანი, ხოლო მეორე პოზიციაზე გასვლის 13.2%-იანი შანსი აქვს. პლეი-ოფში მოხვედრის ალბათობა კი 29.7%-ით ფასდება. მეორე მხრივ, Football Ranked-ის მონაცემებით, ჩვენი გუნდის ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი 20.8%-ს შეადგენს, რაც ერთა ლიგის დაწყებამდე არსებულ 32.3%-იან მაჩვენებელზე შესამჩნევად ნაკლებია.
რაც შეეხება თავად ტურნირის ფორმატს, უეფას წევრი ქვეყნები 12 ჯგუფში (4 ან 5-გუნდიანებში) გადანაწილდებიან. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირდაპირ მოხვდება 12-ვე ჯგუფის გამარჯვებული და 8 საუკეთესო მეორეადგილოსანი. კიდევ 2 ადგილი სათადარიგოდ იმ მასპინძელი ქვეყნებისთვის ინახება, რომლებიც ამ 20 საუკეთესო გუნდს მიღმა დარჩებიან.
იმის მიხედვით, თუ რამდენ კვოტას გამოიყენებენ მასპინძლები, პლეი-ოფის ფორმატიც შეიცვლება: თუ ორივე კვოტა ათვისებული იქნება, დარჩენილი 2 საგზურისთვის 8 გუნდი იბრძოლებს. ერთი კვოტის გამოყენების შემთხვევაში, 3 საგზურს 12 გუნდი გაითამაშებს. ხოლო თუ მასპინძლებს დამატებითი კვოტა საერთოდ არ დასჭირდებათ, პლეი-ოფში 8 გუნდი ითამაშებს (შინ და გარეთ პრინციპით) და 4 გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატის საგზურს მიიღებს.