NBA-ის ლეგენდარული მოთამაშე, დუაით ჰოვარდი, საქართველოში ჩამოდის.
,,Georgia, მოვდივარ! ოღონდ არა ჩემს მშობლიურ ATL-ში, ჯორჯიის შტატში, არამედ თბილისში, საქართველოში!
ჩემს ბოლო პოსტზე კომენტარებში თქვენი დროშები ვნახე და გადავწყვიტე, რომ ტური შემდეგ სწორედ თქვენთან უნდა გავაგრძელოთ!
დიახ, კომენტარებს ნამდვილად ვკითხულობ და გადაწყვეტილებას იმის მიხედვით ვიღებ, თუ ვის სურს ყველაზე მეტად, რომ მათ ქვეყანაში ჩავიდე და ჩემი ენერგია ჩავიტანო!
ასე რომ, სუპერმენი ოფიციალურად თქვენსკენ მოემართება! ფიქრობდით, აქამდე იყო მაგარი ატმოსფერო? მოიცადეთ ოქტომბრამდე, როცა BLACK FORTRESS-თან ერთად დარბაზს ავაფეთქებთ!
საქართველო, ავხმაურდეთ!" - წერს დუაით ჰოვარდი სოციალურ ქსელში.
დუაით ჰოვარდი 2004 წელს ორლანდო მეჯიქმა NBA-ის დრაფტის პირველ პიკად აირჩია. 2007-2014 წლებში ის 8-ჯერ გახდა ყველა ვარსკვლავის მატჩის მონაწილე, 2008-2012 წლებში კი 5-ჯერ მოხვდა NBA-ის სიმბოლურ ხუთეულში.
2009-2011 წლებში ჰოვარდმა 3-ჯერ დაიმსახურა NBA-ის წლის საუკეთესო დამცველი მოთამაშის ჯილდო. 2008 წელს ამერიკელმა ჩატენვების კონკურსიც მოიგო, სადაც მისი ცნობილი ჩატენვით მისი მეტსახელი ,,სუპერმენი" დაიბადა.
საბოლოოდ, 2020 წელს დუაით ჰოვარდმა ლოს ანჯელეს ლეიკერსთან ერთად ბეჭედიც მოიგო, 2022 წელს კი NBA დატოვა და კარიერა ტაივანში გააგრძელა.
ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რა კონტრაქტით ჩამოდის 40 წლის ამერიკელი საქართველოში. შეგახსენებთ, რომ Black Fortress Tbilisi საქართველოს სუპერ ლიგის მონაწილე გუნდია.