საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩის წინ პრესკონფერენციაზე შეფასებები გააკეთა.
"მესმის, რომ სამი თამაშია გოლი არ გაგვიტანია, თუმცა თავადაც ახსენეთ კითხვაში, რომ რთული პერიოდი გვაქვს. თქვენ თუ იცით კლუბი ან ნაკრები, რომელსაც რაღაც ეტაპზე რთული პერიოდი არ ჰქონია?! ამ ყველაფრის ზედმეტად დრამატიზება არ უნდა მოხდეს და ისე არ უნდა აღიქმებოდეს, თითქოს ამით ფეხბურთი მთავრდება.
სამწუხაროა, მაგრამ მსგავსად ნიჰილისტური განწყობები იგრძნობა და ისინი ფეხბურთელთათვის დამთრგუნველი შეიძლება იყოს, ეს ფეხბურთელები კი ისინი არიან, ვინც ჩვენს ქვეყანას ძალიან დიდი რამ მოუტანეს. არიან ახალგაზრდებიც, რომლებმაც საქართველოს ასევე ისეთი რამ მოუტანეს, რაც ისტორიაში არავის მოუტანია.
მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც წარსულით ცხოვრობს, თუმცა არ შეიძლება არ აღინიშნოს ეს, რომ ესენი სწორედ ამ დიდი გამარჯვებების მომტანი ბიჭები არიან, რომელთაც ახლა რთული პერიოდი აქვთ და აუცილებლად აქედან ერთად ამოვალთ. სწორედ ამაში გვჭირდება გულშემატკივრის მხარდაჭერა.
მშრალი სერიაც რთულ პერიოდს უკავშირდება, პირველ რიგში, ამ ყველაფრის ფსიქოლოგიურ მხარეს. იმედი მაქვს და დარწმუნებულიც ვარ, რომ ძალიან მალე ეს დასრულდება, რადგან როცა ამ ბიჭების ყოველდღიურ შრომას ვუყურებ, სხვანაირად არ შეიძლება იყოს", - აღნიშნა სვანაძემ.
ერთა ლიგის 3 ტურის შედეგებით, საქართველოს ეროვნულ გუნდს 1 ქულა აქვს და ცხრილის ბოლო პოზიციაზეა - უკრაინასა და უნგრეთს 4-4 ქულა აქვთ, ხოლო ჩრდილოეთ ირლანდიას - 7.
ჩრდილოეთ ირლანდიისა და საქართველოს ნაკრებთა შეხვედრა 5 ოქტომბერს, ჩვენი დროით 22:45 საათიდან დაიწყება. პირდაპირი რეპორტაჟი პირველ არხზეა.
ჩრდილოეთ ირლანდია - საქართველო: მოსაგებად ბელფასტში