VIDEO: ეროვნულ ლიგას ახალი ლიდერი ჰყავს - რა შედეგით დასრულდა დერბი?
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს ეროვნულ ლიგას ახალი ლიდერი ჰყავს - თემურ ქეცბაიას დინამო თბილისი, რომელმაც 22-ე ტურის მთავარ მატჩში დედაქალაქურ დერბიში იბერია 1999-ს სტუმრად 2:1 მოუგო.
დინამოელები მაქსიმ ტეიშეირას სწრაფი გოლით დაწინაურდნენ, რასაც მეორე ნახევარში მათე ვაწაძემ მიამატა - იბერიელთაგან ერთადერთი გოლი მათმა კაპიტანმა, გიორგი ჯინჯოლავამ პენალტიდან შეაგდო.
ტეიშეირამ მიმდინარე ჩემპიონატში მე-4 გოლი შეაგდო, ვაწაძემ - მე-7, ხოლო ამპლუით მცველმა ჯინჯოლავამ თავი მერვედ გამოიჩინა.
აღსანიშნავია, რომ სეზონში მე-11 ასისტი შეასრულა ნიკა ნინუამ, რომელიც ტურნირის საუკეთესო ასისტენტი გახდა - დინამო ბათუმის თორნიკე კირკიტაძეს გადაასწრო (10 საგოლე პასი).
22 ტურის შედეგებით, დინამო თბილისმა 48 ქულა მოაგროვა, 47-ქულიანი დინამო ბათუმი ჩამოიტოვა და ერთპიროვნულად გალიდერდა. იბერიას, რუსთავის მსგავსად, 46 ქულა აქვს.
დინამო თბილისი შემდეგ ტურში, 11 ოქტომბერს, დინამო ბათუმს აჭარაში შეხვდება, ხოლო იბერიელები ასევე გასვლაზე ბოლოადგილოსან მეშახტე ტყიბულს დაუპირისპირდებიან (10 ოქტომბერს).