რიასორზე დეპორტივო ლა კორუნიას წინააღმდეგ 2:2 დასრულებული მატჩის შემდეგ, იური ტაბატაძემ კადისის ოფიციალურ მედიასთან ისაუბრა და შეაფასა როგორც საკუთარი თამაში, ისე გუნდის გამოსვლა რთულ შეხვედრაში.
„ბედნიერი ვარ, რომ გუნდს ქულის მოპოვებაში დავეხმარე. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იყო, რადგან დეპორტივო სატურნირო ცხრილში ახლოს არის, ამიტომ თითოეულ შეხვედრაში ქულების აღება აუცილებელია.
ვფიქრობ, ცოტა უიღბლობაც გვქონდა, რადგან მათ ორი გოლი რიკოშეტიდან გაიტანეს, ხოლო ჩვენ გამარჯვების შანსები გვქონდა, ასე რომ ეს სამწუხარო იყო,“ - განმარტა ფეხბურთელმა.
მატჩის სირთულეზე საუბრისას ტაბატაძემ დაამატა: „დიახ, ეს ძალიან რთული შეხვედრა იყო, რადგან მათ შესანიშნავი გუნდი ჰყავთ და ინდივიდუალურად ძალიან ძლიერები არიან. მათ წინააღმდეგ თამაში რთული იყო, მაგრამ საბოლოოდ ქულა მოვიპოვეთ და ეს პოზიტიურია.
ახლა მომავალზე და მოახლოებულ მატჩებზე ვფიქრობთ. ძალიან ბედნიერი ვარ გატანილი გოლით, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებაა, ამიტომ იმედი მაქვს, რომ შემდეგ ჯერზე ჩემი გოლი გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარება.“
ბოლოს, რიასორის ატმოსფეროზე საუბრისას მან აღნიშნა: „ასეთ რთულ სტადიონზე ქულის მოპოვება ყოველთვის მნიშვნელოვანია.
გულშემატკივრები ფანტასტიკურები იყვნენ, 90 წუთის განმავლობაში ამხნევებდნენ და მხარს უჭერდნენ დეპორტივოს, რაც თამაშს კიდევ უფრო ართულებს. დღეს ცოტა უიღბლობა გვქონდა, მაგრამ მომავალი მატჩების მიმართ თავდაჯერებულები ვართ.“
ქართველმა შემტევმა დეპორტივოს გოლი 85-ე წუთზე გაუტანა და თავის გუნდს გასვლით მატჩში მნიშვნელოვანი ქულა მოუპოვა. კადისი 20 მატჩის შემდეგ 31 ქულით ლა ლიგა 2-ის ცხრილში მე-7 ადგილზეა და პლეიოფის ზონას 1 ქულით ჩამორჩება.
იური ტაბატაძის ანგარიშზე კი მიმდინარე სეზონში უკვე 5 გოლია. აღსანიშნავია, რომ ხუთივე გოლი კადისისთვის მნიშვნელოვანი და ქულების მომტანი იყო.