ფიფა ახალ ჯილდოს დააარსებს, რომელიც სრულად ჩაანაცვლებს დღემდე არსებულ პრემია — The Best-ს.
ახალი ინიციატივა ხორციელდება დუბაის სპორტულ საბჭოსთან (Dubai Sports Council, DSC) პარტნიორობის ფარგლებში.
შესაბამისი ურთიერთგაგების მემორანდუმი მხარეებმა დუბაიში გამართულ მსოფლიო სპორტულ სამიტზე გააფორმეს. შეთანხმების თანახმად, ფიფა ყოველწლიურად ჩაატარებს სპეციალურ ცერემონიას, სადაც დაჯილდოვდებიან წლის საუკეთესო ფეხბურთელები და საფეხბურთო სამყაროს წამყვანი ფიგურები.
ახალი პრემია იქნება ფიფას ერთადერთი ოფიციალური ჯილდო, რომელიც სრულად ჩაანაცვლებს The Best-ს. ორგანიზაციის განცხადებით, ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს ჯილდოს უფრო გლობალურ და ინოვაციურ ფორმატში წარმოჩენას.
პარტნიორობის ფარგლებში პირველი დაჯილდოების ცერემონია 2026 წელს გაიმართება და მას დუბაი უმასპინძლებს. ფიფას მოლოდინით, ღონისძიება არა მხოლოდ სპორტული, არამედ კულტურული მნიშვნელობის მოვლენა გახდება მსოფლიო ფეხბურთისთვის.
ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ განაცხადა, რომ ორგანიზაცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ამ თანამშრომლობას. მისი თქმით, დუბაი არის ქალაქი, რომელიც „ფეხბურთით ცხოვრობს და სუნთქავს“, რაც ახალ პრემიას უნიკალურ იდენტობას შესძენს.
ინფანტინოს განცხადებით, ახალი ჯილდო მხოლოდ დაჯილდოების ცერემონია არ იქნება — ის ფეხბურთის პოპულარიზაციისა და წლის საუკეთესო მოთამაშეების, როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა, აღნიშვნის ინოვაციურ ფორმად ჩამოყალიბდება.
The Best-ის ჯილდო ფიფამ 2016 წელს დააარსა, მას შემდეგ რაც შეწყვიტა თანამშრომლობა France Football-თან და დასრულდა „ფიფას ოქროს ბურთის“ ეპოქა. The Best ფიფას დამოუკიდებელ პრემიად ჩამოყალიბდა და მიზნად ისახავდა წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენას.
ჯამში The Best-ის ჯილდო ფიფამ 9-ჯერ გადასცა, საიდანაც 3-ჯერ მისი მოგება ლეო მესიმ შეძლო (რეკორდი), ორ-ორჯერ რონალდუმ და ლევანდოვსკიმ, ერთხელ ლუკა მოდრიჩმა, ერთხელ ვინისიუსმა და ერთხელაც — უსმან დემბელემ.