მანჩესტერ იუნაიტედის მძიმე დანაკლისი: ჰარი მაგუაიერი ჩელსისთან მატჩს გამოტოვებს
ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ ძალაში დატოვა ჰარი მაგუაიერის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება არასპორტული საქციელის გამო, რის შედეგადაც მცველი ამ უქმეებზე ჩელსისთან გასვლას გამოტოვებს.
ინგლისელმა ცენტრალურმა მცველმა ერთმატჩიანი დამატებითი დისკვალიფიკაცია და ფულადი ჯარიმა მას შემდეგ მიიღო, რაც ბორნმუთთან წითელი ბარათის მიღების შემდეგ მეოთხე მსაჯს, მეტ დონოჰიუს აგინა.
მაიკლ კარიკისთვის ეს სერიოზული დარტყმაა, რადგან გუნდი ხუთეულში მოხვედრისთვის ბრძოლაში პირდაპირ კონკურენტთან, ჩელსისთან, ძირითადი შემადგენლობის ცენტრალური მცველების გარეშე რჩება.
დისკვალიფიცირებულია ლისანდრო მარტინესიც, რომელიც ლიდსთან მატჩში გააძევეს. The Athletic-ის ცნობით, კლუბმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა, თუმცა მცირეა იმის შანსი, რომ სასჯელი გაუქმდეს. მარტინესმა წითელი ბარათი დომინიკ კალვერტ-ლუინისთვის თმის მოქაჩვის გამო მიიღო. წესების მიხედვით, თმაზე ნებისმიერი ძალით მოქაჩვა ძალადობრივ ქმედებად ითვლება და ავტომატურად წითელ ბარათს ნიშნავს.
მაიკლ კერიკმა ეს გადაწყვეტილება მკაცრად გააკრიტიკა:
ეს ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გადაწყვეტილებაა, რაც კი ოდესმე მინახავს. მეტოქეს შეუძლია ხელები სახეში ჩაარტყას მოთამაშეს და მერე ჩვენს ფეხბურთელს აძევებენ? შოკისმომგვრელია. იქ არ ყოფილა არც აგრესია და არც ძლიერი მოქაჩვა. უბრალოდ შეეხო და გააძევეს. ფრთხილად უნდა ვიყოთ, საით მიდის ფეხბურთი
ტრავმის გამო იუნაიტედს დე ლიხტიც აკლია. მოსალოდნელია, რომ სტემფორდ ბრიჯზე კერიკს იძულებითი ნაბიჯის გადადგმა მოუწევს და დაცვის ცენტრში ახალგაზრდულ დუეტს, 20 წლის ლენი იოროსა და 19 წლის ეიდენ ჰევენს დააყენებს.