არენამაქსი
ქვიზები
სპორტის გურუ
სიახლეები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლისთვის მიუნხენის ბაიერნი და მადრიდის რეალი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, ერთ-ერთი ფეხბურთელისთვის კი ეს ბრძოლა განსაკუთრებულია. ტონი კროოსი თავის ყოფილ კლუბს დაუპირისპირდება, რომელთანაც დაძაბული ურთიერთობა აქვს.
ჰიონესი შემოვარდა გასახდელში: "დაურეკე შენს აგენტს! აქ შენ 10 მილიონ ევროს ვერასდროს ვერ მიიღებ!"
კროოსმა საფეხბურთო განათლება ბაიერნში დაასრულა და ძირითადში დებიუტი 2007 წლის სექტემბერში ჰქონდა: 17 წლის, 9 თვის და 22 დღის ასაკში ის მიუნხენური კლუბის ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი გახდა (სამ წელიწადში ეს რეკორდი დავიდ ალაბამ მოუხსნა). პირველივე მატჩში, ტონიმ მიროსლავ კლოზეს ორი გოლი გაატანინა!
სადებიუტო 2007/08 სეზონში ტონი პირველ გუნდში თამაშს ეპიზოდურად მეორეში გამოჩენასთან ახამებდა. შემდეგ სეზონში ნახევარმცველს მეტი სათამაშო დრო მისცეს, მაგრამ სასტარტოში თავის დამკვიდრება მან მაინც ვერ შეძლო და პრაქტიკისთვის ლევერკუზენს მიაშურა.
ბაიერში იჯარით ყოფნისას ტონი მოძლიერდა: იქაც თადარიგით იწყებდა, თუმცა სასტარტომდე მიაღწია და იქ წელიწადნახევრით გაჩერდა. სხვათაშორის, შედეგიანობაც ტოპ დონეზე ჰქონდა: ყველა ტურნირზე 10+13 მოაგროვა და 2010-ს ზაფხულში მსოფლიო ჩემპიონატზეც გაემგზავრა. იქ ძირითადად სკამიდან ერთვებოდა, რის შემდეგაც მიუნხენში დაბრუნდა და ერთ-ერთ ინტერვიუში, თავისი სურვილი მკვეთრად გამოხატა: მინდა ვითამაშო იმდენად ბევრი, რამდენადაც ეს შესაძლებელია.
ტონიმ კლუბთან კონტრაქტი 2015-მდე გაახანგრძლივა, მაგრამ შემდეგ მალევე ინანა. დეტალებს თავად ნახევარმცველი, Goal-თან საუბარში იხსენებდა: "მეუბნებოდნენ, რომ შესანიშნავი ვარ და ყველაფერს სწორად ვაკეთებ. მაგრამ, მე ჯერ კიდევ ვერ ვთამაშობდი იმდენს, რამდენსაც ვიმსახურებდი და დარწმუნებული ვიყავი, რომ მეტი მეკუთვნოდა.
თავდაპირველად, ლევერკუზენიდან დაბრუნება არ მინდოდა. ახალი კონტრაქტის გაფორმება მისი ხელმოწერიდან 10 წუთში ვინანე. კარლ ჰაინც რუმენიგემ მაშინ მინდა: "ვაუ, მაგარი კონტრაქტი დაგიდეს." თითქოს მიმითითა, რომ ამიერიდან, ცოტათი უკეთ უნდა მეთამაშა.
ლევერკუზენიდან წამოსვლა რომ არ უნდოდა, ეს ვერსია მოგვიანებით მისმა აგენტმა, ფოლკერ შტრუტმაც დაადასტურა, მეუღლე ჯესიკამ კი ისიც დაამატა, რომ ტონი მიუნხენში თავს "თავისიანად" არასდროს არ მიიჩნევდა.
კროოსმა 2013-ში კლუბთან ერთად ტრებლი მოიგო, მოვიდა პეპ გვარდიოლა, რომლის ფეხბურთიც თითქოს ტონის იდეალურად უხდებოდა. პირველ წელს კლუბმა ბუნდესლიგა ისევ მოიგო, ჩემპიონთა ლიგაზე კი რეალთან ორი მატჩის ჯამში 0:5 დამარცხდა. ამის შემდეგ, კროოსი მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრა და საკუთარი მომავლის გადაწყვეტა ცოტა გვიანი პერიოდისთვის გადადო.
წინა კონტრაქტის 2015-მდე გაფორმება იმას ნიშნავდა, რომ 2014-ში მას ხელშეკრულებით ერთი წელი ჰქონდა დარჩენილი და მხარეებს ახალ კონტრაქტზე უნდა ელაპარაკათ. იქამდე ერთი წლით ადრე, კლუბმა დორტმუნდიდან მარიო გიოტცე გამოისყიდა და მას წლიურად 10 მილიონი ევრო დაუნიშნა ხელფასი, რაც ტონიმ მოლაპარაკებების პროცესში ბერკეტად გამოიყენა.
2021-ში, ტონის აგენტმა Bild-თან საუბარში საინტერესო დეტალები გაიხსენა: "ბაიერნს კონტრაქტის გახანგრძლივება უნდოდა, ტონის - არა. მათ ექვსი მილიონი შემოგვთავაზეს: ალბათ, დაავიწყდათ, რომ ჩვენ ვიცოდით 10 მილიონის შესახებ, რომელსაც წლიურად მარიო გიოტცეს უხდიდნენ. ამიტომ, ჩვენც იმდენივე მოვითხოვეთ."
გვარდიოლას მისი შენარჩუნება უნდოდა და ტონის მუდმივად უმეორებდა, აქ მჭირდებიო. ვფიქრობ, იგივეს ეუბნებოდა ის აღმასრულებელ დირექტორ რუმენიგესაც. ნოემბერში მიუნხენში ჩავფრინდი და რუმენიგემ მითხრა: "იმ პატივისცემისთვის, რომელსაც ტონის მიმართ ვგრძნობთ, წლიურად 6.5 მილიონს გთავაზობთ." მე ვუპასუხე, რომ 10 მილიონზე ნაკლებს არ დავთანხმდებოდით. საუბარი დაწყებიდან დაახლოებით 28 წუთში დამთავრდა.
ამის შემდეგ, სცენაზე პრეზიდენტი ული ჰიონესი გამოვიდა. 2014 წლის 2 თებერვალს, აინტრახტთან 5:0 მოგების შემდეგ, ის გასახდელში შემოვარდა და ტონის დაუყვირა: "დაურეკე შენს აგენტს! შენ აქ 10 მილიონს ვერასდროს ვერ მიიღებ!" კროოსმა მშვიდად უპასუხა: "ამის საჭიროება არ არის, ჩვენ ორივე ერთ აზრზე ვართ."
მაშინვე გახდა გასაგები, რომ ტონი მომდევნო სეზონს ბავარიაში აღარ დაიწყებდა: მსოფლიოს უმსხვილეს კლუბებს დავუკავშირდით და კროოსის დამატების შესაძლებლობის შესახებ შევატყობინეთ. თავიდან, არავის არ სჯეროდა: "როგორ გაუშვებს მას ბაიერნი? ის გვარდიოლას ფეხბურთისთვის იდეალური ადამიანია."
2014-ში რეალმა კროოსში 30 მილიონ ევროზე ნაკლები გადაიხადა, რასაც ფრანც ბეკენბაუერი ძალიან განიცდიდა: "ვწუხვარ, მაგრამ კროოსის სახით, მსოფლიო დონის ფეხბურთელი დავკარგეთ. საქმე იმაშია, რომ პროფესიონალს აქვს თავისი ამბიციები, რეალში თამაშის გამოცდილება კი - უსაზღვროა."
ული ჰიონესმა კი, რომელიც ბოლო წლებში პრეზიდენტის თანამდებობიდან საპატიო პრეზიდენტის პოზიციაზე გადავიდა, 2019-ში გამოსულ დოკუმენტურ ფილმში სიტუაციას ფარდა სხვა მხრიდან ახადა: "ტონი იდეალური ფეხბურთელია, მაგრამ მსოფლიოს არცერთ მოთამაშეს არ შეუძლია ყველაფრის მარტოს გაკეთება. კლუბს ზოგჯერ რთული გადაწყვეტილებების მიღება უწევს, მისი გაყიდვა სწორედ ასეთი იყო - რთული და შესაძლოა, არასწორიც."
კიდევ ერთი დეტალი, რომელსაც ჰიონესი შეეხო - ფინანსური საკითხია: "როცა კროოსთან ახალ კონტრაქტს განვიხილავდით, მას ყველაზე მაღალი ხელფასი შევთავაზეთ, რისი შეთავაზებაც შეგვეძლო და ისიც დავუმატეთ: "ან ამ შემოთავაზებას თანხმდები, ან მიდიხარ." მან მარტივად გვიპასუხა: "მივდივარ."
გამიკვირდა, მაგრამ მომწონს ისეთი ხალხი, როგორიც ის არის, რომელსაც საკუთარი პრინციპები გააჩნია.
თავად კროოსი ვერ ეგუებოდა იმ ფაქტს, რომ ბაიერნი მას ასე მარტივად შეელია: "მე მაშინვე ვხვდებოდი, რომ ბაიერნი ჩემი გაყიდვით ძალიან შეცდა."
ტონი უკან დაბრუნებას არ აპირებს: რამდენჯერმე, ეს საუბრები პირადად უარყო
კლუბსა და ფეხბურთელს შორის დაძაბული ურთიერთობები დღემდე შენარჩუნდა. ყოველთვის, როცა შინ დაბრუნებაზე მიდგა საუბარი, ტონი კატეგორიული რჩებოდა.
2016-ში ფეხბურთელის რეალიდან შესაძლო წასვლაზე საუბრები წარმოიშვა და პრესაში სამშობლოში დაბრუნებაზე დაიწყეს წერა. კროოსის პასუხი დაუყონებლივ მოვიდა: "გერმანულ კლუბში თამაშის ვარიანტი ჩემთვის დიდი ხნის წინ გამოვრიცხე და ეს პირობა დღემდე ძალაშია."
პრესა არ მოეშვა და მომავალ წელსაც დაწერა იგივე, რაზეც ტონის კიდევ უფრო კატეგორიული პასუხი მივიღეთ: "დაბრუნების ვარიანტი გამორიცხულია. ბაიერნში შვიდი საუცხოო წელიწადი გავატარე და უამრავი ტიტული მოვიგე.
რატომ იწყებთ ამ საუბარს ახლიდან? ჩემი პერიოდი ბაიერნში დასრულებულია, ისევე, როგორც ზოგადად ბუნდესლიგაში. უშუალოდ ბაიერნი არაფერ შუაშია, უბრალოდ გერმანიის ჩემპიონატში თამაში აღარ მინდა. ბაიერნის დონის სხვა კლუბი ახლა იქ არავინ არის."
კიდევ ერთი კომენტარი ტონიმ სულ ახლახანს, 2024-ს თებერვალში დაგვაწია. მისი კონტრაქტი სეზონის ბოლოს იწურება, ის შესაძლოა თავისუფალი აგენტი გახდეს და პრესამ ისევ ბაიერნში დაბრუნების ვარიანტზე დაწერა.
„ჩემს მომავალზე ბევრნაირ შეკითხვას ველოდი, მაგრამ ასეთს - არა. ყოველთვის მეამაყება, რომ ვიღაცას გუნდში ჩემი ხილვა უნდა, განურჩევლად იმისა, სიმართლეა ეს თუ არა. თუმცა ახლა კონკრეტულად ვერ გეტყვით, რა მოხდება."
ორაზროვანი განცხადება ჩანს, მაგრამ კროოსმა დიდი ხნის წინ განაცხადა, რომ რეალი მისი კარიერის უკანასკნელი კლუბი იქნება და ახლა ის მხოლოდ იმას განიხილავს, ფეხბურთი კიდევ ერთი წლით გააგრძელოს, თუ კარიერა დაასრულოს და, როგორც თავად ამბობს, მადრიდში ოჯახთან ერთად ცხოვრება გააგრძელოს. თუ ფაბრიციო რომანოს დავუჯერებთ, მადრიდელებმა გერმანელი კიდევ ერთი წლით დარჩენაზე დაიყოლიეს.
ის, რომ ტონი პრინციპული კაცია, ჰიონესმაც გვითხრა და ჩვენც კარგად ვხედავთ - კარიერის ბოლო წლების სკამზე ჯდომით გატარება არ უნდა და ბოლომდე წელავს საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილების მიღებას, რათა შეაფასოს საკუთარი სათამაშო ფორმა, კლუბში არსებული სიტუაცია და გადაწყვეტილება მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს.
თუ წელს რეალი ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, საფეხბურთო კარიერის საკუთარ სამშობლოში, ევრო 2024-ზე დასრულება ლამაზი ისტორია იქნებოდა, თუმცა ამ სეზონმა დაგვანახა, რომ მადრიდელებისთვის ტონი ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი ფიგურაა და თუ რაიმე მოულოდნელი არ მოხდა, ის თავის ფეხბურთს კიდევ მინიმუმ ერთი წლით გვაჩუქებს. ოღონდ, როგორც თავად არაერთხელ თქვა - მხოლოდ და მხოლოდ მადრიდის რეალში და არა მიუნხენის ბაიერნში, რომელსაც დღეს, ალიანც არენაზე დაუპირისპირდება.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები