UFC-ის პრეზიდენტმა, დანა უაითმა დაადასტურა, რომ ილია თოფურია ოქტაგონზე დასაბრუნებლად მზადაა, მისი და პედი პიმბლეტის შესაძლო დაპირისპირება კი ორგანიზაციისთვის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ვარიანტია.
სატიტულო სტატუსის გარეშე: უაითის თქმით, ეს დაპირისპირება იმდენად მასშტაბურია, რომ ნომრიანი ღონისძიების მთავარი მოვლენა ჩემპიონის ქამრის გარეშეც მარტივად გახდება. მსგავსი პრეცედენტი UFC-ში ძალზე იშვიათია და ძირითადად მხოლოდ კონორ მაკგრეგორის ბრძოლებს ახასიათებს (ბოლო ასეთი გამონაკლისი მაკგრეგორის გარეშე 2022 წელს, ნეიტ დიასისა და ტონი ფერგიუსონის დაპირისპირება იყო).
ორი ვარიანტი: თოფურიას მომავალ მეტოქედ, პიმბლეტის გარდა, ჯასტინ გეიჯიც მოიაზრება. „ეს ორივე ბრწყინვალე ვარიანტია. რომელი მათგანიც არ უნდა შეირჩეს, გეიჯი თუ პიმბლეტი, ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში ვიმარჯვებთ“, - აღნიშნა უაითმა.
სავარაუდო თარიღი: თავად პიმბლეტს უშუალოდ თოფურიასთან ბრძოლაზე ოფიციალური ცნობა ჯერ არ მიუღია, თუმცა ინგლისელი აცხადებს, რომ თუ ის მიმდინარე წელს ოქტაგონზე გავა, ეს დიდი ალბათობით დეკემბერში მოხდება.