ქუთაისის ტორპედოს გენერალურმა დირექტორმა, დავით დოლაბერიძემ გიორგი არაბიძის გუნდიდან წასვლასა და კლუბში არსებულ ვითარებაზე კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, ფეხბურთელთან კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ვადაზე ადრე შეწყდა და კლუბის სახელით მადლობა გადაუხადა მას გაწეული შრომისა და წარტებაში შეტანილი წვლილისთვის:
მსურს, მომავალ პროფესიულ კარიერაში წარმატება ვუსურვო და მჯერა, რომ წინ კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი საფეხბურთო გამოწვევა და წარმატება ელის.
დოლაბერიძემ ასევე უარყო გუნდში არსებული რაიმე სახის არეულობა და აღნიშნა, რომ ეს საფუძველს მოკლებულია. მისი განცხადებით, გუნდი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას და უახლოესი მატჩისთვის ემზადება:
მიმდინარე სეზონის დარჩენილ თამაშებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ახალგაზრდა ფეხბურთელების ინტეგრაციასა და მათი შესაძლებლობების წარმოჩენას. პარალელურად, კლუბი მომდევნო სეზონისთვის ემზადება, რომელსაც მნიშვნელოვნად განახლებული შემადგენლობით ვგეგმავთ. ჩვენი მიზნები უცვლელია - ტორპედოს განვითარება, კონკურენტუნარიანი გუნდის ჩამოყალიბება და გულშემატკივრისთვის ღირსეული ფეხბურთის შეთავაზება.