აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ინგლისის ნაკრების კრიტიკოსებს შეუერთდა და ნახევარფინალში, არგენტინასთან მარცხის (1:2) შემდეგ, ტომას ტუხელის ტაქტიკური გადაწყვეტილებები ეჭვქვეშ დააყენა.
პრეზიდენტმა განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება მეორე ტაიმში ჰარი კეინის ზედმეტად უკან დაწევასა და დაცვით ფუნქციებზე.
„ინგლისს გენიალური ფეხბურთელი ჰყავს, რომელთან ერთადაც გოლფიც კი მითამაშია - ჰარი კეინი, ის ფანტასტიკურია. ვფიქრობ, მწვრთნელებმა შეცდომა დაუშვეს, როდესაც ის მცველად აქციეს. რა ვიცი მე ფეხბურთის? თუმცა, როცა ლიდერობ და შენს საუკეთესო მოთამაშეს დაცვაში აყენებ, ეს ცოტა უცნაურია. შეტევაში უფრო აქტიურები უნდა ვიყოთ, არა?“ - განაცხადა ტრამპმა ტრამპ თაუერში გამართულ მიღებაზე. ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა პრეზიდენტის კრიტიკას პრესკონფერენციაზე მოკლე კომენტარით აუარა გვერდი.
ამავე შეხვედრაზე ტრამპმა კიდევ ერთი ხმაურიანი განცხადება გააკეთა და დაადასტურა, რომ ფოლარინ ბალოგუნის სკანდალური წითელი ბარათის გაუქმების თაობაზე ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს პირადად დაუკავშირდა: „ჯანის დავურეკე და ვუთხარი, რომ საჩივრის შეტანა მსურდა. არ ვიცოდი, რა მოხდებოდა, მაგრამ მან კიდევ ერთი შესანიშნავი გადაწყვეტილება მიიღო“.
შეგახსენებთ, რომ ფიფამ ამერიკელი ფორვარდის დისკვალიფიკაცია 12 თვით უპრეცედენტოდ შეაჩერა, რამაც ტურნირის სამართლიანობა დიდ ეჭვქვეშ დააყენა. მიუხედავად კრიტიკისა, ინფანტინომ მუნდიალს „კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი კულტურული მოვლენა“ უწოდა.