უკრაინის ეროვნული ნაკრების მეკარემ, ანატოლი ტრუბინმა, საქართველოსთან გამართული მატჩის შემდეგ თბილისურ ატმოსფეროსა და მეტოქე გუნდზე ისაუბრა.
ტრუბინმა აღნიშნა:
თბილისის სტადიონზე არსებული ატმოსფერო მომეწონა, გარემო შესანიშნავი იყო. რა თქმა უნდა, გამარჯვება გვსურდა, თუმცა მატჩი ფრედ დასრულდა. წინ კიდევ ორი თამაშია, ასე რომ, მზადება უნდა განვაგრძოთ. საქართველო ძალიან ძლიერი ნაკრებია. მათ ახალი მწვრთნელი ჰყავთ. ამასთან, გუნდი შემტევ ხაზში განსაკუთრებით ძლიერი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინანტთა შორისაა.
ტრუბინის თქმით, მატჩი საკმაოდ რთული აღმოჩნდა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინის ნაკრებმა ამ შემადგენლობით პირველად ითამაშა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინა მომდევნო შეხვედრას ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ გამართავს, ხოლო საქართველოს ნაკრები ბუდაპეშტში უნგრეთს ესტუმრება.