05 ოქტ, 2026 · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
მოქმედმა ჩემპიონმა ბათუმმა პრინციპულ მეტოქეს, 2025 წლის ჩემპიონ ქუთაისს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 80:77 იმარჯვა. გამარჯვებულთა რიგებში საუკეთესო გიორგი ოჩხიკიძე გახდა 23 ქულითა და 8 პასით, კარსონ ბაშამმა ორმაგი დუბლი შეასრულა (18 ქულა, 14 მოხსნა, 4 დაფარება), ხოლო დავით ლომიძემ გუნდს 16 ქულა და 7 მოხსნა შეაშველა. ქუთაისელთაგან ლუკა ალავიძე (15 ქულა), ანზორ ნადირაძე (14 ქულა, 9 მოხსნა) და მაიკლ ფრეზიერი (10 ქულა, 8 მოხსნა) გამოირჩნენ.
სეზონი გამარჯვებით დაიწყო საქართველოს თასისა და სუპერთასის მფლობელმა თსუ-მაც, რომელმაც რუსთავს უმასპინძლა და 88:77 სძლია. პირველ ტაიმში თამაშის სადავეებს სტუმრები ფლობდნენ და მესამე მეოთხედის დასაწყისში 13-ქულიანი უპირატესობითაც ლიდერობდნენ, თუმცა რაჰიმ სალივანის, დალას ჰაუელისა და ლუკა ლიკლიკაძის ზუსტმა შორეულმა ტყორცნებმა თსუ თამაშში დააბრუნა.
მატჩის გარდატეხაში გადამწყვეტი როლი ითამაშა რუსთაველთა დაბალმა პროცენტმა საჯარიმოების ტყორცნისას, სადაც ქვემოქართლელებმა 31-იდან 17 შანსი ააცილეს. გამარჯვებულებს რაჰიმ სალივანმა 19 ქულითა და 4 პასით ულიდერა, ნიკა ჩეჩელაშვილმა 16 ქულა მოაგროვა, ამირან აროშიძემ 15 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა, ხოლო ლუკა ლიკლიკაძემ 13 ქულა და 5 პასი ჩაწერა აქტივში. რუსთავიდან გუგა პატაშური (18 ქულა, 7 მოხსნა) და ნიკოლოზ გაფრინდაშვილი (13 ქულა) გამოირჩნენ.
უხვქულიანი და დაძაბული გამოდგა გორის ივერიონისა და ზესტაფონის მარგვეთის შეხვედრა, რომელიც სტუმართა გამარჯვებით, 91:84 დასრულდა. მარგვეთს სათავეში ჩაუდგა ჯაზირ ტრემბლი 28 ქულით, 7 მოხსნითა და 4 ჩაჭრით, ხოლო ჯასტინ ვებსტერმა 18 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა. ივერიონიდან 16 ქულით ვლადიმერ თავაქარაშვილი გამოირჩა.
პარალელურად, დიღმის არენაზე ბექა წივწივაძის გაწვრთნილმა კსუ კავკასიამ სრული დომინირებით ითამაშა და ბლექ ფორტრესი 24-ქულიანი სხვაობით, 108:84 დაამარცხა. კსუ კავკასიას 19 ქულით ალექსანდრე ვაშაკიძემ ულიდერა, აკაკი დვალიშვილმა 18 ქულა მოაგროვა, ხოლო ტომი ლუისმა 13 ქულა და 7 პასი მიითვალა. ბლექ ფორტრესის შემადგენლობაში 19 ქულით ვახტანგ გაფრინდაშვილი საუკეთესო იყო.
პირველი ტურის დასკვნით მატჩში თელავმა პირველი ტაიმი 6-ქულიანი ლიდერობით დაასრულა, თუმცა ორბმა მესამე პერიოდში თამაში გარდატეხა და გასვლაზე 87:81 იმარჯვა. სტუმართა წარმატება დიდწილად ალექს მეთიუსის ორმაგმა დუბლმა (22 ქულა, 11 მოხსნა, 7 პასი) და ჯიმი ბელის 13 ქულამ და 17 მოხსნამ განაპირობა. თელავიდან გიორგი კობახიძემ 19 ქულა და 6 მოხსნა დააგროვა.
სუპერლიგის მეორე ტური 9 ოქტომბერს კსუ კავკასიასა და ქუთაისის მატჩით გაიხსნება, ასევე რუსთავი თელავს შეხვდება. 10 ოქტომბერს ახალციხე ბათუმს დაუპირისპირდება, ბლექ ფორტრესი ივერიონს მიიღებს, ხოლო ტური 11 ოქტომბერს მარგვეთისა და თსუ-ს შეხვედრით დასრულდება, ამ ტურში კი ორბი დაისვენებს.

ანანო მკალავიშვილი
კომენტარები