ადრიატიკის ლიგის მორიგ ტურში თორნიკე შენგელიას დუბაი სლოვენიის ილირიას ესტუმრა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, ანგარიშით 85:70.
ეს შეხვედრა ქართველი საკალათბურთო გულშემატკივრისთვის განსაკუთრებულად საინტერესო გამოდგა, რადგან პარკეტზე ერთმანეთის პირისპირ საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია და მისი ყოფილი თანაგუნდელის, ვლადიმერ ბოისას 19 წლის ვაჟი, ლიან ბოისა წარსდგნენ.
ახალგაზრდა კალათბურთელი სლოვენიის მოქალაქეა და ამ ქვეყნის 18-წლამდელთა ნაკრების ღირსებას იცავს.
შეხვედრაში ორივე სპორტსმენმა მოედანზე ზუსტად 20-20 წუთი გაატარა და საკუთარ გუნდებს სარგებელი მოუტანა. ლიან ბოისამ საოცარი სიზუსტე გამოავლინა და შეხვედრა პროცენტული შეცდომის გარეშე დაასრულა. მან 9 ქულა და 1 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა, სადაც 2-იდან 2 ორქულიანი, 1-იდან 1 სამქულიანი და 2-იდან 2 საჯარიმო ჩააგდო.
რაც შეეხება თორნიკე შენგელიას, ქართველმა ფორვარდმა დუბაის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. შენგელიამ 11 ქულა, 2 მოხსნა და 3 პასი მიითვალა.
მეტოქის მცველები საქართველოს ნაკრების კაპიტნის შეჩერებას ხშირად წესების დარღვევით ცდილობდნენ, რის გამოც მასზე თამაშის განმავლობაში 8-ჯერ დაჯარიმდნენ. თორნიკემ 6-დან 5 საჯარიმო და 3-დან 3 ორქულიანი გამოიყენა.
ამ გამარჯვების შემდეგ დუბაი ევროლიგის შეხვედრისთვის ემზადება, სადაც 8 ოქტომბერს სერბულ ცრვენა ზვეზდას დაუპირისპირდება. ილირია კი შიდა ჩემპიონატში გადაერთვება და 7 ოქტომბერს კრკას უმასპინძლებს.