ტომას ტუხელმა დეკლან რაისი ინგლისის ნაკრების ვიცე-კაპიტნად დაასახელა.
27 წლის ფეხბურთელი შაბათს ჩავიდა პალმ-ბიჩ გარდენსში და კვირას პირველად ივარჯიშა ბუკაიო საკასთან, ნონი მადუეკესთან და ებერეჩი ეზესთან ერთად. ამ ოთხეულს დამატებითი დასვენების დრო მიეცა მას შემდეგ, რაც 30 მაისს ჩემპიონთა ლიგის ფინალში პარი სენ-ჟერმენთან დამარცხდნენ.
„შეიძლება ითქვას, რომ დეკლანი ჩემი ვიცე-კაპიტანია,“ - განაცხადა ტუხელმა შაბათს მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
რაისმა ინგლისის ნაკრები პირველად კაპიტნის რანგში 2024 წლის მარტში, ბელგიის წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრაში გაიყვანა მოედანზე. მან სამკლაური ასევე ჰარი კეინის არყოფნაში, ოქტომბერში უელსთან 3:0 გამარჯვების დროსაც მოირგო. სწორედ მაშინ, ტუხელის თქმით, საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება.
„კარგი კითხვაა,“ - უპასუხა ტუხელმა, როდესაც ჰკითხეს, იცის თუ არა რაისმა, რომ ვიცე-კაპიტანია. „ახლა სწორედ ამაზე ვფიქრობდი, ოფიციალურად გამოცხადებული ამბავია თუ არა.
მაგრამ მგონია, რომ ეს საუბარი მაშინ გვქონდა, როდესაც ჰარი შეკრებაზე არ იყო. სასტარტო შემადგენლობაში ოლი დავაყენეთ და დეკლანი კაპიტანი იყო. სწორედ მაშინ ვუთხარი ეს.“
შაბათს, ტამპა ბეის რეიმონდ ჯეიმსის სტადიონზე ახალი ზელანდიის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, რომელიც ინგლისისთვის მსოფლიო ჩემპიონატის წინ ორი მოსამზადებელი მატჩიდან პირველი იყო, ტუხელმა თითოეული ტაიმისთვის განსხვავებული სასტარტო შემადგენლობა დააყენა.
მას ჯერ არ გადაუწყვეტია, როგორ მიუდგება 10 ივნისს ორლანდოში კოსტა რიკასთან გასამართ ამხანაგურ მატჩს, თუმცა მიანიშნა, რომ ზოგიერთი ფეხბურთელი უფრო მეტ დროს გაატარებს მოედანზე, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ნაკრებს მაიამი იუნაიტედთან დახურულ კარს მიღმა კიდევ ერთი მატჩი აქვს დაგეგმილი, სანამ მსოფლიო ჩემპიონატის ბაზაზე, კანზასში გაემგზავრება.
კითხვაზე, ითამაშებენ თუ არა რაისი, საკა, ეზე და მადუეკე კოსტა რიკასთან, ტუხელმა უპასუხა:
„ამაში დარწმუნებული არ ვარ. ვნახოთ, როგორ ფორმაში დაბრუნდებიან. ისინი დღეს დაბრუნდნენ. 3 სავარჯიშო დღე ექნებათ და მერე ვნახოთ.
ჩვენ კიდევ ერთი დახურული მატჩი გვაქვს, რათა სათამაშო წუთები სწორად გავანაწილოთ. მაგალითად, თუ ვინმე კოსტა რიკასთან 70 წუთს ითამაშებს, ხოლო სხვას მხოლოდ 20 წუთი ექნება, ესეც საკმარისი არ იქნება. ამიტომ იქნებიან ფეხბურთელები, რომლებმაც მხოლოდ 20 ან 30 წუთი ითამაშეს და შემდეგ დღეს ისევ ითამაშებენ.“
ინგლისი მსოფლიო ჩემპიონატს 17 ივნისს გახსნის, როდესაც ტეხასის შტატის ქალაქ არლინგტონში, AT&T Stadium-ზე, ხორვატიას დაუპირისპირდება.