UEFA Youth League-ის საკვალიფიკაციო ეტაპის 1/2 ფინალში, დინამო თბილისის 19-წლამდე გუნდმა კვიპროსული აეკ ლარნაკა მეორე შეხვედრაშიც დაამარცხა - 2:0.
გუნდებმა კვიპროსში უხვგოლიანი მატჩი ჩაატარეს და დინამოელებმა ის 4:3-ით დაასრულეს, დღეს კი რეზიკო დანელიასა და ჰალიდ დოლტმურზიევის გოლებით, 2:0 მოიგეს და ორი თამაშის ჯამში 6:3 გაიმარჯვეს.
დინამო თბილისი საქართველოს ისტორიაში პირველი გუნდია, რომელმაც UEFA Youth League-ის ორი საკვალიფიკაციო ეტაპი გაიარა და შესარჩევის ფინალს ითამაშებს.
თბილისელებს მთელი შეხვედრის განმავლობაში დიდი უპირატესობა ჰქონდათ, განსაკუთრებით კი პირველ ტაიში, როცა მეტოქის კარისკენ 19-ჯერ დაარტყეს (8-ჯერ ზუსტად, 12 კუთხური მოაწოდეს და არაერთი საგოლე მომენტი შექმნეს. ეს ყველაფერი დანელიას გოლში გადაითარგმნა - დოლტმურზიევის დარტყმულისა და არეულობის შემდეგ, ახლო მანძილიდან შეაგდო.
აღსანიშნავია, რომ 18 წლის დანელიამ საკვალიფიკაციოს ოთხივე თამაშში შეასრულა საგოლე მოქმედება - ჟრინსკისთან 1-1 გოლი და ასისტი ჰქონდა, ხოლო აეკ ლარნაკას ორივე შეხვედრაში გაუტანა.
ასევე შთამბეჭდავია დინამოელთა მთავარი ფორვარდის, ჰალიდ დოლტმურზიევის შედეგიანობა - 4 თამაშში 4 გოლი და 1 მოპოვებული პენალტი აქვს. დოლტმურზიევმა დღევანდელი თამაშის 54-ე წუთზე შეაგდო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
დინამო თბილისი (4-2-3-1): ჩოჩოშვილი - დიაკონიძე, შათირიშვილი, ლომიძე, ხუციშვილი - ბერელიძე (ნათენაძე; 82), ძნელაძე - მიქაუტაძე (ჭოლოკავა; 57), დანელია (კოფი; 72), ოდიკაძე (ნიორაძე; 72) - დოლტმურზიევი (ჩიღოშვილი; 82). მთ. მწვრთნელი: დავით გელაშვილი.
დინამო თბილისი UEFA Youth League-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში შეხვდება ბელარუსულ დინამო მინსკს, რომელმაც ლუდოგორეცს სახლში 0:1 მარცხის შემდეგ, ბულგარეთში 2:0 მოუგო.
საკვალიფიკაციოს ეტაპის ფინალის პირველი მატჩი - 26 ნოემბერს, ხოლო განმეორებითი 10 დეკემბერს ჩატარდება.