ინგლისური კლუბი კრისტალ პალასი, რომელმაც გასულ სეზონში FA თასის მოგებით ევროპა ლიგაზე მონაწილეობის საგზური მოიპოვა, უეფამ კონფერენც ლიგაზე დააქვეითა.
აღნიშნული გადაწყვეტილება უეფამ მრავალკლუბიან მფლობელობაზე არსებული წესების დარღვევის გამო მიიღო.
საქმე ეხება Eagle Football Group-ს, რომელიც ლიონის აქციების უდიდესი ნაწილის მფლობელია, ხოლო მისი თავმჯდომარე ჯონ ტექსტორი ასევე ფლობს კრისტალ პალასში საკონტროლო წილს.
თავდაპირველად, როცა ლიონის მე-2 დივიზიონში დაქვეითების გადაწყვეტილება იქნა მიღებული, კრისტალ პალასის ევროპა ლიგაზე მონაწილეობას არაფერი ემუქრებოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ეს გადაწყვეტილება გაუქმდა, ოლიმპიკი ევროტურნირზეც დაბრუნდა, რამაც მისი და კრისტალ პალასის ერთიდაიგივე ტურნირზე თამაში შეუძლებელი გახადა.
კრისტალ პალასს აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება საარბიტრაჟო სასამართლოში შეუძლია.