დინამო ბათუმის მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა.
"მოგესალმებით, მინდა, გამოვეხმაურო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის სპორტულ გადაცემაში წარმოთქმულ სიტყვებს ჩემთან დაკავშირებით.
პირველ რიგში, ავღნიშნავ და იმედს ვიტოვებ, რომ ქართულ ფეხბურთში ჩართულ თითოეულ ადამიანს, იქნება ეს საფეხბურთო კლუბისა თუ ფედერაციის პრეზიდენტი, მენეჯერი, მწვრთნელი თუ ფეხბურთელი, გვაქვს ერთი სურვილი, მიზანი და პასუხისმგებლობა, რომ ქართული ფეხბურთი ხვალ იყოს იმაზე უკეთესი, ვიდრე არის დღეს. ქართული ფეხბურთის წარმატებასა და წარუმატებლობაზე პასუხისმგებლობასაც ვინაწილებთ ჩვენი როლების შესაბამისად. მე, ჩემს წილ პასუხისმგებლობას არასდროს გავქცეულვარ.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ, ჩემი განცხადებისა და პიროვნების შეფასება იყო მინიმუმ არაკორექტული, უფრო სიღრმისეული შეფასებისგან თავს შევიკავებ.
აქედან გამომდინარე, მინდა, რომ ეს ,,გაუგებრობა'' ჩემი ამ განცხადებით დამთავრდეს და ყველა დავუბრუნდეთ იმ საქმის კეთებას, რასაც ქართული ფეხბურთის უკეთესი ხვალინდელი დღის შენება ჰქვია.
ჟურნალისტების ამ თემით ინტერესი ლოგიკური და გასაგებია. მადლობა მათ ქართული ფეხბურთის გაშუქებისთვის, მაგრამ მინდა, რომ პატივი სცეთ ჩემს გადაწყვეტილებას. ამ საკითხზე ჩემი კომუნიკაცია აღნიშნული განცხადებით ამოიწუროს.
წარმატებებს ვუსურვებ ყველას ქართული ფეხბურთის საკეთილდღეოდ!" - წერს ქართველი სპეციალისტი.
ეს განცხადება ლევან კობიაშვილის კომენტარს მოჰყვა, რომელიც მან ჭიაბრიშვილის შეფასებასთან დაკავშირებით გააკეთა.
“არ ვიცი ჩემი შეფასება ვის როგორ მოსწონს, მაგრამ ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს. ეს ვისაც ეხება: სახელმწიფომ, ფედერაციამ, კლუბებმა, ყველა ერთად უნდა მოილაპარაკონ, რომ სიტუაციას ეშველოს. ყოველ წელს, ჩვენი ჩემპიონატის დონე უარესდება" - თქვა გიორგი ჭიაბრიშვილმა "შუადღე ქუთაისში"-სთან საუბრისას
“ვიდეო ვნახე და მართლა გაუგებარია, რას საუბრობს. მგონია, თვითონაც ვერ ჩამოყალიბდა, მწვრთნელია თუ ექსპერტი. დიდი ბოდიშის მოხდით, სისულელეა რასაც ამბობს.
თურმე, ფედერაცია, სახელმწიფო უნდა დაჯდეს და ჩემპიონატის დონე აამაღლოს. ჩვენც ვიცით, რომ ჩემპიონატის დონე დაბალია, მაგრამ ჩემპიონატის დონე ვინ უნდა აამაღლოს, ფედერაციამ იზრუნოს?
სამწუხაროა ის, რომ ამ მესიჯს კარგად ყიდი, ვიღაც ამას იჯერებს. ამ მწვრთნელის გუნდებს ევროტურნირებზეც უთამაშია და აღარ ვიტყვი, ვინ გამოაგდო და როგორ" - თქვა ლევან კობიაშვილმა გადაცემაში "ლაი ლაი".