ატლეტიკო მადრიდის შაბათის მარცხი ბარსელონასთან (2:1) მსაჯების საკამათო გადაწყვეტილებამ დაჩრდილა. მეორე ტაიმის დასაწყისში ხერარდ მარტინი ტიაგო ალმადასთან უხეშობისთვის მოედნიდან გააძევეს, თუმცა VAR-ის გადამოწმების შემდეგ წითელი ბარათი გაუქმდა და ყვითლით შეიცვალა.
ატლეტიკო ამ გადაწყვეტილებით განრისხებულია, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ თავად პირველი ტაიმის მიწურულს 10 კაცით დარჩნენ. მათ უკვე მიმართეს მსაჯების ტექნიკურ კომიტეტს (CTA) საჩივრით, ახლა კი კლუბის გენერალურმა დირექტორმა, მიგელ ანხელ ხილ მარინმა, ამ საკითხზე საჯაროდ ისაუბრა.
Diario AS-ის ცნობით, ხილ მარინმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, თუ როგორ უმკლავდება სიტუაციას ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია:
როდესაც ვუყურებთ კადრებს და ვუსმენთ ფედერაციის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს, ერთადერთი, რაც დაგვრჩენია თავის შერცხვენილად გრძნობაა. დაუშვებელია, რომ მოვისმინოთ კომენტარები, რომლებიც სრულიად ეწინააღმდეგება VAR-ის გადაწყვტილებას და ამაზე არაფერი ხდებოდეს. მსაჯებს აქვთ შეცდომის დაშვების უფლება ისევე, როგორც მოთამაშეებსა და მწვრთნელებს, მაგრამ თამაშისეული შეცდომა მხოლოდ შეცდომაა. სხვა რამეა, როდესაც VAR-ის მსაჯი წინასწარ განაწყობს მთავარ მსაჯს ამა თუ იმ ეპიზოდის შეფასებისას.
ხილ მარინი: „კრიტერიუმების შეცვლა ნორმალური არ არის“
ხილ მარინი მიიჩნევს, რომ VAR-ს არ ჰქონდა უფლება ჩარეულიყო მთავარი მსაჯის, მატეო ბუსკეტს ფერერის თავდაპირველ გადაწყვეტილებაში, რადგან წითელი ბარათი არ იყო აშკარა და თვალსაჩინო შეცდომა:
მოედნის მსაჯს უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობა და თავად მიიღოს გადაწყვეტილებები. VAR მხოლოდ იმ შეცდომების გამოსასწორებლად უნდა ერეოდეს, რომლებიც ინტერპრეტაციას არ ექვემდებარება და არა მთავარი მსაჯის ნაცვლად გადაწყვეტილების მისაღებად. არ არის ნორმალური, რომ კრიტერიუმები შეიცვალა და აღარ ვიცით, რას ველოდოთ. ეს ზედიზედ ორ მატჩში დაგვემართა.
ხილ მარინმა მაგალითად თავად მსაჯების კომიტეტის განცხადება მოიყვანა, რათა დაემტკიცებინა, რომ მარტინი გაძევებას იმსახურებდა. CTA-მ ცოტა ხნის წინ აღნიშნა, რომ რეალ ბეტისის ფეხბურთელის, ვალენტინ გომესის მსგავსი უხეშობა წითელი ბარათით უნდა დასჯილიყო. სწორედ ამიტომ, ატლეტიკოსთვის გაუგებარია შაბათს მიღებული გადაწყვეტილება. ხილ მარინის აზრით, ყველაზე ცუდი ისაა, რომ CTA რამდენიმე დღის წინანდელ ეპიზოდს ხსნის და ამბობს, რომ ის წითელი ბარათით უნდა დასრულებულიყო, გუშინ კი, ზუსტად იდენტურ სიტუაციაში, მსაჯმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა VAR-მა ის შეცდომამდე მიიყვანა.