VIDEO: ასისტების მეფე ვინ არის?! - რიერსონმა მაინცთან პოკერი შეასრულა
8 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბორუსია დორტმუნდმა, ბუნდესლიგის 22-ე ტურში, ლიგაში დასარჩენად მებრძოლ მაინცს შინ 4:0 მოუგო და ჩემპიონატში დაუმარცხებელი სერია 15-მატჩამდე გაზარდა.
სერუ გირასიმ დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი მაქსიმილიან ბაიერმა და რემი ბენსებაინიმ შეაგდეს, თუმცა მატჩის მთავარი კაცი იულიან რიერსონი გახლდათ - 4-ვე გოლისას ასისტი გააკეთა.
რიერსონი, 2004-05 წლების სეზონიდან მოყოლებული (რაც Opta სტატისტიკას აითვლის), ბუნდესლიგაში მე-4 ფეხბურთელია, ვინც ერთ თამაშში 4 საგოლე პასი გააკეთა. გადავხედოთ, ვის გაუკეთებია იგივე:
მესუთ იოზილი (ვერდერი) V ფრაიბურგი - 2009 წლის 21 ნოემბერი;
კრისტოფერ ნკუნკუ (ლაიპციგი) V შალკე - 2020 წლის 22 თებერვალი;
პასკალ გროსი (დორტუნდი) V უნიონ ბერლინი - 2025 წლის 22 თებერვალი;
იულიან რიერსონი (დორტმუნდი) V მაინცი - 2026 წლის 13 თებერვალი.
რიერსონს ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 11 ასისტი აქვს იმ ფონზე, რომ გოლი არ გაუტანია - მასზე მეტი საგოლე პასი მხოლოდ მაიკლ ოლისეს აქვს (16).
აღსანიშნავია, რომ ყვითლებმა 4-დან 3 გოლი სტანდარტულის შემდეგ გაიტანეს - საერთოდ, ბოლო 13 გოლიდან 8 ამ ხერხით აქვთ შეგდებული. კონკრეტულად კუთხურიდან ზედიზედ მე-4 თამაშში გაიტანეს, ჯამში სეზონში 8 აქვთ.
დორტმუნდელებმა ჩემპიონატში ზედიზედ მე-15 დაუმარცხებელი მატჩი ჩაატარეს და ზედიზედ 30-ე ტურში გაიტანეს - ამ 30 შეხვედრაში მხოლოდ 1 წაგება აქვთ (ბაიერნთან, ოქტომბერში).
ნიკო კოვაჩის გუნდმა 51 ქულა მოაგროვა და ლიდერ ბაიერნს 3 ქულამდე მიუახლოვდა - რეკორდმაისტერი დღეს გასავარდნ ზონაში მყოფ ვერდერს სტუმრობს.
ყვითლებს მომდევნო ტურში, 21 თებერვალს, რთული გასვლითი მატჩი აქვთ - ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლ ლაიპციგს გასვლაზე ეთამაშებიან.