VIDEO: ბარსამ მიუნხენში რთულად მოიგო - ქართული დერბი არ შედგა
13 ნოე, 2025 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ევროლიგის მე-10 ტურში, კამარ ბოლდუინის მიუნხენის ბაიერნსა და თორნიკე შენგელიას ბარსელონას შორის, ქართული დაპირისპირება უნდა შემდგარიყო, ბოლდუინმა თამაშში მონაწილეობის მიღება ვერ შეძლო. შეხვედრა თოკოს გუნდმა 75:74 მოიგო.
ბავარიელთა X-ის ოფიციალური გვერდის მიხედვით, ნატურალიზებულ ქართველს კუნთების პრობლემა ჰქონდა და ბარსასთან პარკეტზე ამის გამო ვერ გამოვიდოდა. მის გარდა, ამავე მიზეზით, იუსტუს ჰოლატცმა ვერ ითამაშა.
შენგელია, ტრადიციულად, კატალონიელთა სასტარტო ხუთეულში იყო, პარკეტზე 27:26 წუთი გაატარა და საკუთარ გუნდს 10 ქულა, 5 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა შესძინა.
ბარსამ, 9 ნოემბერს, ხოან პენაროია მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა, გუშინდელ მატჩში კი მოვალეობას ოსკარ ორელიანა ასრულებდა. შენგელია მატჩისშემდგომ ინტერვიუში ამ თემასაც შეეხო.
"სანამ სხვა თემებზე გადავალ, მადლობას ვუხდი ხოან პენაროიას ჩვენს გუნდში ჩატარებული სამუშაოსთვის. ასევე, ვულოცავ ოსკარ ორელიანასა და პერსონალს, რადგან თამაშისათვის მოსამზადებლად მათ საოცარი სამუშაო შეასრულეს. ასეთი სიტუაციები გუნდს ან გატეხავს, ან გააძლიერებს, ჩვენ კი დღეს ერთიანები ვიყავით. ეს მეტყველებს იმ ოჯახურ სულისკვეთებაზე, რომელიც გასახდელში გვაქვს. ჩვენ ერთიან გუნდად ვითამაშეთ, როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში და ეს მოედანზე კარგად ჩანდა. ჩვენ გამარჯვება მოვიპოვეთ და ჩემი გუნდის გამო ძალიან მიხარია", - უთხრა ევროლიგის ოფიციალურ ვებგვერდს შენგელიამ.
10 ტურის შემდეგ, ბარსელონამ მე-6 გამარჯვება იზეიმა, ბაიერნს კი 5-5 მოგება-წაგება აქვს, კატალონიელები პლეი-ოფის ზონაში არიან, ბავარიელები მის სიახლოვეს.
ბარსა მომდევნო ტურის თამაშს 14 ნოემბერს ჩაატარებს და ვირტუს ბოლონიას უმასპინძლებს. იმავე დღეს, ბაიერნი ანადოლუ ეფესს თურქეთში ეწვევა.