VIDEO: დამაჯერებლად და უკითხვისნიშნებოდ - ოკლაჰომამ სერიაში გაათანაბრა
41 წთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ის დასავლეთ კონფერენციის ფინალის მე-2 შეხვედრით, ოკლაჰომა სიტი თანდერმა სან ანტონიო სპერსთან სერიაში ანგარიში გაათანაბრა - 1:1.
ოკლაჰომელებმა მეორე მეოთხედი 11-ქულიანი უპირატესობით მოიგეს, რაც გარდამტეხი აღმოჩნდა იმის მიუხედავადაც, რომ სპერსმა მესამე მეოთხედში გათანაბრება შეძლო და ანგარიში 66:66 გახდა. დამთავრებამდე 1:25 წუთით ადრე, ვიქტორ ვემბანიამამ სხვაობა 5 ქულამდე შეამცირა, თუმცა მას ეგრევე უპასუხა შაი გილჯეს-ალექსანდერმა და მატჩის ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა - 122:113.
რა გასაკვირია, რომ OKC-ს ბოლო ორი სეზონის MVP-მ, გილჯეს-ალექსანდერმა ულიდერა - 24-დან 12 ბურთი ჩააგდო და აქტივში 30 ქულა, 4 მოხსნა, 9 ასისტი, 1 ჩაჭრა და 2 ბლოკი ჩაიწერა. 17 ქულა ჰქონდა ალექს კარუზოს, 13 - ჩეტ ჰოლმგრენს, ხოლო 12-12 - ჯარედ მაკკეინსა და კეისონ უოლასს. ორმაგი დუბლი მიითვალა აიზეია ჰარტენშტაინმა - 10 ქულა, 13 მოხსნა, 3 ასისტი.
სტუმართა მხარეს ქულებით სტეფონ ქასლი გამოირჩა (25 ქულა, 5 მოხსნა, 8 ასისტი), თუმცა 9 დაკარგვაც ჰქონდა. დევინ ვასელმა გუნდს 22 ქულა, 4 მოხსნა, 1 ასისტი შესძინა, ხოლო ვიქტორ ვემბანიამამ კვლავ სოლიდური ორმაგი დუბლი შეასრულა - 21 ქულა, 17 მოხსნა, 6 ასისტი.
შედეგად, მოქმედმა ჩემპიონმა კრიტიკულ მდგომარეობასა და 0:2-ს თავი აარიდა, ანგარიში გაათანაბრა და ახლა მოედნის უპირატესობის დაბრუნებასაც შეეცდება.
გუნდები მომდევნო ორ თამაშს უკვე ტექსასში გამართავენ - 23 მაისის 04:30 საათსა და 25 მაისის 04:00 საათზე.