VIDEO: დრამატული გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე - ბათუმი შემდეგ ეტაპზეა!
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირზე, რომელიც ბულგარეთში მიმდინარეობს, საქართველოს ჩემპიონმა ბათუმმა სტარტი ბრწყინვალე გამარჯვებით აიღო.
მეოთხედფინალურ შეხვედრაში ბათუმელთა მეტოქე შვეიცარიის ფრიბურგი იყო.
მატჩის ძირითადი ნაწილი ქართული კლუბის უპირატესობით წარიმართა. საფინალო სირენამდე სამი წუთით ადრე ბათუმი დამაჯერებლად, 10-ქულიანი სხვაობით იგებდა, თუმცა შვეიცარიელებმა ბოლო წუთზე ანგარიში გაათანაბრეს - 83:83.
მიუხედავად ამისა, გადამწყვეტ მომენტში სიტუაცია გიორგი ოჩხიკიძემ განმუხტა, რომელმაც საფინალო სირენამდე ზუსტად 15 წამით ადრე სამქულიანი ჩააგდო და საქართველოს ჩემპიონს დრამატულ ბრძოლაში 86:85 მოგება მოუტანა.
ბათუმის შემადგენლობაში შედეგიანი თამაშით გამოირჩნენ ვალდი ზეფირი, რომელიც 18 ქულით გუნდის ბომბარდირი გახდა, და გიორგი ოჩხიკიძე - მის ანგარიშზე 17 ქულა და 10 შედეგიანი გადაცემაა.
ორმაგი დუბლით ასევე გამოიჩინა თავი კარსონ ბაშამმა, რომელმაც 16 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა.
ნახევარფინალური მატჩი 18 სექტემბერს გაიმართება, სადაც ბათუმის მეტოქე რუმინულ ორადეასა და კვიპროსულ აეკ-ს შორის გამარჯვებული იქნება.