VIDEO: გოლი და პრე-ასისტი - კვერნაძემ სერია B-ში კიდევ ერთი კარგი მატჩი ჩაატარა
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
გიორგი კვერნაძემ იტალიის სერია B-ში კიდევ ერთი გამორჩეული მატჩი ჩაატარა - სტუმრად აველინოსთან გოლი და პრე-ასისტი მიითვალა, მისმა ფროზინონემ 3:1 მოიგო და ლიდერ ვენეციას მიუახლოვდა.
ქართველმა გარემარბმა მე-16 წუთზე სწორი პოზიცია შეარჩია, ბურთი მიიღო და ანგარიში გახსნა, 61-ე წუთზე კი დრიბლინგის შემდეგ პრე-ასისტი გააკეთა და ფროზინონელები 3:0-ით დამშვიდდნენ.
გიორგიმ სერია B-ს მიმდინარე სეზონში მე-4 გოლი შეაგდო, ამასთან ერთად, კიდევ 3 ასისტი აქვს. გარდა ამისა, თასზე მონცასაც გაუტანა, ასე რომ, სეზონში 8 საგოლე მოქმედება აქვს - 5 გოლი და 3 ასისტი.
აღსანიშნავია, რომ მთლიანად გასულ სეზონში ასევე 8 საგოლე მოქმედება მიითვალა იმ განსხვავებით, რომ 3 გოლი და 5 ასისტი ჰქონდა.
ფროზინონემ წინა ტურში უშუალო კონკურენტ და ჩემპიონატის ლიდერ ვენეციასთან წააგო, თუმცა ამ ტურში ვენეციელები შინ მოდენასთან დამარცხდნენ, შესაბამისად, კვერნაძის გუნდი ლიდერს ისევ 1 ქულამდე მიუახლოვდა.
სერია A-ში დაწინაურებისთვის სერიოზული ბრძოლაა - ვენეციას 50 ქულა აქვს, ფროზინონეს - 49, მონცას - 48 და ფილიპო ინძაგის პალერმოს - 45. პირდაპირ საგზურს 2 გუნდი მიიღებს, მე-3 საგზურისთვის კი გუნდებს პლეი-ოფის თამაში მოუწევთ.
კვერნაძის გუნდი მომდევნო ტურში, 15 თებერვალს, ერთ-ერთ აუტსაიდერ სპეციას სტუმრად შეხვდება.