ნიდერლანდების ნაკრების ყოფილი მცველის, რონალდ კუმანის ვაჟმა, მეკარე რონალდ კუმან უმცროსმა, ტელსტარის შემადგენლობაში 2 გოლი გაიტანა და თავის გუნდს კამბურთან ჩემპიონატის მატჩში ქულა გადაურჩინა.
კუმან უმცროსმა ორივე გოლი პენალტიდან გაიტანა და ერედივიზიის შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა. მეორე თერთმეტმეტრიანი მან მსაჯის მიერ დამატებული დროის მე-11 წუთზე გამოიყენა.
31 წლის მეკარეს პენალტი აქამდეც ჰქონდა გატანილი, მაისში მან ვოლენდამთან შეხვედრაში გამარჯვების გოლი გაიტანა და ტელსტარს უმაღლეს დივიზიონში ადგილის შენარჩუნება გაუნაღდა.
ტელსტარი 22-ე წუთზე კაცნაკლული დარჩა, ხოლო მეორე ტაიმში 2 გოლი გაუშვა და მატჩის დასრულებამდე ნახევარ საათზე ნაკლები რჩებოდა, როდესაც სტუმარი კამბური 2:0-ს იგებდა.
კუმანმა პირველი პენალტი 63-ე წუთზე გამოიყენა, ხოლო დრამატული გამათანაბრებელი გოლი 101-ე წუთზე გაიტანა.
ის ერედივიზიის ისტორიაში პირველი მეკარე გახდა, რომელმაც ერთ მატჩში 2 გოლის გატანა შეძლო.
კუმანის მამამ ნიდერლანდების ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ივნისში დატოვა, მას შემდეგ, რაც მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში მისი გუნდი მაროკოსთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.