გერმანიის თასზე მანჰაიმისა და კაიზერსლაუტერნის დაპირისპირება მასობრივი არეულობითა და ქაოსით დასრულდა.
გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის მომხდარი შეტაკებების შედეგად 85 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 35 სამართალდამცავია.
მატჩის შეწყვეტა და არეულობა
ძირითადი დროის უგოლოდ დასრულების შემდეგ, მატჩი დაახლოებით ნახევარი საათით შეწყდა. პოლიციის ცნობით, კაიზერსლაუტერნის ფანებმა ტრიბუნებისკენ მაშხალები ისროლეს, მანჰაიმის გულშემატკივრები კი მოედანზე შეიჭრნენ. სიტუაციის განსამუხტად მოედანზე პოლიციის დიდი ძალები შევიდა.
მაღალი რისკის მქონე დერბის (კლუბებს შორის დიდი მტრობაა და ქალაქები ერთმანეთისგან სულ რაღაც 50 კილომეტრითაა დაშორებული) უსაფრთხოებას 1400-მდე პოლიციელი იცავდა. დაშავებული 85 ადამიანიდან 8 საავადმყოფოში გადაიყვანეს.
თამაშის განახლება და გამოძიება
ვითარების დამშვიდების შემდეგ, მსაჯმა მატჩი განაახლა. დაძაბული შეხვედრა სტუმრების გამარჯვებით დასრულდა - კაიზერსლაუტერნმა გერმანიის თასის შემდეგი ეტაპის საგზური 120-ე წუთზე გატანილი გოლით მოიპოვა.
გერმანიის პოლიციამ მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო. საქმე ეხება პოლიციელებზე ძალადობას, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას, სხეულის დაზიანებასა და პიროტექნიკის გამოყენების წესების უგულებელყოფას.