1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
„დღეს აქ ჯდომა ჩემთვის უდიდესი პატივია. ბოლო რამდენიმე დღე ჩემთვის თითქოს ფილმს ჰგავდა. ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის როლის მასშტაბი მანამდეც მესმოდა, მაგრამ როცა ამ საქმეს უშუალოდ უკავშირდები, პასუხისმგებლობასა და მნიშვნელობას კიდევ უფრო მძაფრად გრძნობ. თუ გავიხსენებ, საიდან მოვდივარ, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე აქ ვიქნებოდი. ეს ჩემთვის განსაკუთრებული დღეა. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ეს შესაძლებელი გახადა.
იურგენ კლოპის მიმართვა გერმანიის მოსახლეობისადმი:
იმ დღეს, როცა აღარ მოგინდებით, მაშინვე წავალ, ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე.
თუ ხვალ მეტყვით, რომ არაფრად ვვარგივარ, წავალ. თუმცა ეს ერთი ადამიანის აზრი არ უნდა იყოს, უფრო ფართო გადაწყვეტილება უნდა იყოს. თუ გერმანიის ფეხბურთის ფედერაცია იტყვის, რომ ჩემი ადგილი აქ აღარ არის, წავალ. მაგრამ თუ ცუდად მოიქცევით და ჩემს ოჯახს სიმშვიდეს დაურღვევთ, მაშინაც წავალ. გამაკრიტიკეთ, თუ რაღაც არ მუშაობს, სიამოვნებით ვიმუშავებ შეცდომების გამოსასწორებლად. ყველაფერი ამ საქმეს ეხება. იურგენ კლოპს ეროვნული ნაკრების შემდეგ კარიერა აღარ ექნება. იდეალურ შემთხვევაში, ეს ჩემი კარიერის მწვერვალი იქნება.
ამ საქმეს მაინც ვიღებ, მიუხედავად იმისა, რომ ვნახე, როგორ ექცეოდით იულიან ნაგელსმანსა და თომას ტუხელს.
ჩვენ, როგორც სამწვრთნელო შტაბს, გვინდა სრულყოფილი პაკეტი შევთავაზოთ. არასდროს ვყოფილვარ ისეთი მწვრთნელი, რომელიც უბრალოდ ვარჯიშზე მივა, ფეხბურთელებს ავარჯიშებს და შემდეგ სახლში ბრუნდება. ყოველთვის ვზრუნავდი ყველაფერზე, რაც კლუბში ხდებოდა. ახლა ეს კლუბი აღარ არის, ეს ფედერაციაა, მთელი ქვეყანაა. ყოველთვის პასუხისმგებლობას ვგრძნობდი იმ კლუბის მიმართ, სადაც ვმუშაობდი. ახლა პასუხისმგებლობას ვგრძნობ თითოეული ადამიანის წინაშე, ვინც ამ ქვეყანაში ფეხბურთი უყვარს. ეს კი ნიშნავს, რომ ჩემი საქმე მაქსიმალურად კარგად უნდა გავაკეთო.
საბედნიეროდ, პირველი მატჩი ხვალ არ არის, თორემ გადატვირთული ვიქნებოდი. ვუყურებ ყველა იმ ჩემპიონატს, სადაც ჩვენი ფეხბურთელები თამაშობენ, მათ შორის, რა თქმა უნდა, გერმანიისასაც. ბოლო პერიოდში უზარმაზარი ინფორმაცია მივიღე. ფეხბურთელებთან მუდმივი კონტაქტი ძალიან მნიშვნელოვანია და ვეცდები, რაც შეიძლება მალე დავუკავშირდე მათ. ეს ჩემი პირველი ამოცანაა.
წარმატება ნიშნავს, როგორ თამაშობ მოლოდინებთან მიმართებაში.
როდესაც გერმანიაში ვკითხულობთ: ვართ თუ არა საფრანგეთზე უკეთესი? პასუხია - არა. უნდა ვიკითხოთ: გვყავს თუ არა ისეთი ფეხბურთელები, როგორიც დემბელეა, მბაპეა, დუეა თუ ბარკოლაა? პასუხი ისევ არაა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ ვერ დავამარცხებთ. მთავარი საფრანგეთზე, ესპანეთსა თუ არგენტინაზე ყურება კი არა, საკუთარ თავზე ფოკუსირებაა, როგორ ფეხბურთს ვთამაშობთ. დღეს მსოფლიოს ნომერ პირველი გუნდი არ ვართ, ეს სიმართლეა. ფიფას რეიტინგში ჩვენზე წინ 11 ნაკრებია, მაგრამ ჩვენი მიზანია ისეთი ფეხბურთი ვითამაშოთ, რომ მათი დამარცხება შესაძლებელი გახდეს.“
დიდი ხანია, დიდი ტურნირების მიღმა სანაკრებო მატჩებისთვის აღარ მიყურებია. ძალიან მინდა, რომ ყველამ ისევ დავიწყოთ ეროვნული ნაკრების თამაშების ყურება. ყველანი ვთანხმდებით, რომ წარმატებულ ფეხბურთს შეუძლია მთელი ქვეყნის შეცვლა."
კლოპი იოზუა კიმიხის პოზიციასა და როლზე:
გარკვეული იდეები მაქვს, მაგრამ ჯერ არავისთან მისაუბრია.
აქ არ ვაპირებ ვინმესთვის პოზიციის განსაზღვრას. ითამაშებს ის, ვინც ძალიან კარგია, ვისაც უდიდესი სურვილი აქვს და ვინც ეროვნული ნაკრების მაისურს რომ ჩაიცვამს, კიდევ უფრო უკეთესი ხდება.
შანსი იმ ფეხბურთელებსაც მიეცემათ, ვინც ამას დღეს საერთოდ არ ელოდება, რადგან გაბედული გადაწყვეტილებების მიღება მიყვარს.
მინდა ვიმუშაო ბიჭებთან, რომლებსაც ისეთი ფეხბურთის თამაში სურთ, რომლის ყურებაც ყველას სიამოვნებს. შესაძლოა, ასეთი სტილი ყოველთვის მყისიერ წარმატებას არ იძლეოდეს, მაგრამ მინდა ეროვნულ ნაკრებთან ერთად მივაღწიოთ იმას, რომ გულშემატკივრები სტადიონიდან სახლში წავიდნენ და თქვან: ‘ვაუ, ეს მართლაც შესანიშნავი იყო.’ ამისთვის რამდენიმე რამ არის საჭირო. ყველა ფეხბურთელმა, ვისაც გერმანიის ნაკრებში თამაშის უფლება აქვს, ყველაფერი უნდა გაიღოს. მე ყველას დავაკვირდები. დღეს არავინ არის ჩამოწერილი. ეს ახალი დასაწყისია.“
კლოპი გერმანულ ფეხბურთში დაგეგმილ ცვლილებებზე:
მინდა, ფედერაციის სტრუქტურებშიც აქტიურად ვიყო ჩართული.
ვინც იურგენს იწვევს, იურგენს მთლიანად იღებს. დღეს ყველა ბედნიერია, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, ასე იქნება ყოველდღე. ყველაფრის გაუმჯობესება მინდა. მსურს, გერმანიის ეროვნული ნაკრები ისევ პოზიტიურ მაგალითად იქცეს, რათა საბოლოოდ მსოფლიო ფეხბურთის მწვერვალს დავუბრუნდეთ. ამ გამოწვევას დიდი ენთუზიაზმით ველი.“
როდესაც კლუბის მწვრთნელი ვიყავი და ერთა ლიგა შემოიღეს, მაშინ ვიფიქრე: ‘ვაუ, ახლა ამხანაგური მატჩები საერთოდ აღარ დარჩა.’ ჩვენ უნდა ვიპოვოთ ბალანსი განვითარებასა და შედეგის მიღწევას შორის. ამ საკითხს აუცილებლად ექნება გამოსავალი, რამდენიმე იდეა უკვე მაქვს. ჩვენ თერთმეტივე ფეხბურთელს ბოლომდე არ გადავტვირთავთ.“
კლოპი რუდი ფიოლერთან თანამშრომლობაზე:
რუდი ჩემთვის წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი ადამიანი იქნება.
მისი გამოცდილება, ცხოვრებისადმი დამოკიდებულება და უნარი, საჭირო დროს გაბრაზდეს, მინდა, ეს ყველაფერი ჩემს გუნდში იყოს. დამპირდა, რომ რამდენიმე ისტორიას მომიყვება, რომლებიც ჯერ არ ვიცი. ამას დიდი ინტერესით ველოდები. დარწმუნებული ვარ, შესანიშნავი იქნება. როგორც ფეხბურთელს, ყოველთვის ძალიან დიდ პატივს ვცემდი.“

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები

