ანრი მექვაბიშვილის უნივერსიტატეა კრაიოვა რუმინეთის ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს.
სუპერლიგის საჩემპიონო ჯგუფის მე-8 ტურის გახსნით მატჩში, კრაიოვა მე-3 ადგილოსან კლუჟს სტუმრად შეხვდა და 0:0 ითამაშა ისე, რომ საგოლე მომენტები თავად ფაქტობრივად არ ჰქონია, მეტოქეს კი რამდენიმე ეპიზოდი შეექმნა.
მექვაბიშვილი კვლავ ძირითად შემადგენლობაში იყო და 75-ე წუთზე შეცვალეს. მიმდინარე სუპერლიგის 32 მატჩში 2 გოლი და 7 ასისტი აქვს, ხოლო ყველა ტურნირზე ჩატარებულ 48 შეხვედრაში - 3 გოლი და 9 საგოლე პასი.
კრაიოვას ახლა 46 ქულა აქვს და ტურის შემდეგაც უეჭველად ლიდერი იქნება, ოღონდ, გასარკვევია, რამდენქულიანი უპირატესობით - თუკი უნივერსიტატეა კლუჟი შინ რაპიდ ბუქარესტს მოუგებს, სხვაობას 1 ქულამდე შეამცირებს.
მექვაბიშვილის გუნდს ამ სეზონში სათამაშო 3 უმნიშვნელოვანესი მატჩი რჩება - 13 მაისს, რუმინეთის თასის ფინალში სწორედ უნივერსიტატეა კლუჟს შეხვდება, შემდეგ კი ჩემპიონატის ბოლო, გადამწყვეტი 2 ტურია - 16 მაისს, იმავე მთავარ კონკურენტ უნივერსიტატეა კლუჟს უმასპინძლებენ, ხოლო 23 მაისს რაპიდ ბუქარესტს ესტუმრებიან.