რეინიერ დე რიდერმა UFC-ის ქვემძიმე წონით კატეგორიაში შთამბეჭდავი განაცხადი გააკეთა და რომან დოლიძეს ის გაუკეთა, რაც აქამდე არავის მოუხერხებია.
დე რიდერმა (22-4 MMA, 5-2 UFC) ბრძოლა პირველ რაუნდში, დასრულებამდე 59 წამით ადრე მოიგო. მსაჯმა ფრენკ ტრიგმა დაპირისპირება მას შემდეგ შეაჩერა, რაც დოლიძემ (15-5 MMA, 9-5 UFC) ზედიზედ ათეულობით უპასუხო დარტყმა მიიღო.
ქვემძიმე წონაში გამართული ბრძოლა UFC Fight Night 285-ის ფარგლებში, საკრამენტოში, Golden 1 Center-ში შედგა.
„ვიცოდი, რომ ფეხებში შესვლას შეეცდებოდა, ის ამას ყოველთვის აკეთებს. ამისთვის მომზადებული ვიყავით.
მინდოდა, რამდენიმე მუხლით დარტყმა და ქიქიც მეჩვენებინა, მაგრამ ამას შემდეგი ბრძოლისთვის შევინახავთ“, - განაცხადა დე რიდერმა ბრძოლისშემდგომ ინტერვიუში.
დე რიდერი UFC-ში გადასვლამდე ONE Championship-ის ქვემძიმე წონის ჩემპიონი გახლდათ, UFC-ში კი თავდაპირველად საშუალო წონაში ასპარეზობდა.
185 ფუნტში ზედიზედ 2 მარცხის შემდეგ მან ქვემძიმე წონაში დაბრუნება გადაწყვიტა და დოლიძესთან გამარჯვება ძალიან მარტივად მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ ქართველ მებრძოლს კარიერაში აქამდე ნოკაუტით არასდროს წაეგო და მხოლოდ ერთხელ იყო ვადაზე ადრე დამარცხებული.
დე რიდერს დოლიძის პარტერში გადასაყვანად მხოლოდ 20 წამი დასჭირდა. ბრძოლის მიწაზე გაგრძელების შემდეგ მან მტკივნეული და მახრჩობელა ილეთების ძებნა დაიწყო, შემდეგ კი მსუბუქ „გრაუნდ-ენდ-პაუნდზე“ გადავიდა.
დაახლოებით 2 წუთის შემდეგ მებრძოლები პოზიციისთვის ბრძოლაში ჩაერთნენ, რა დროსაც დე რიდერმა ზედიზედ არაერთი დარტყმა მიაყენა მეტოქეს.
მსაჯი ფრენკ ტრიგი დოლიძეს აქტიური დაცვისკენ მოუწოდებდა. ქართველი დაახლოებით 45 წამის განმავლობაში პრაქტიკულად მხოლოდ თავს იცავდა, თუმცა ტრიგმა ბრძოლა არ შეაჩერა, შესაძლოა იმიტომ, რომ დოლიძე დარტყმების დიდ ნაწილს სრულად ან ნაწილობრივ ბლოკავდა.
ამის შემდეგ დე რიდერმა დარტყმებზე დროებით უარი თქვა, გვერდით კონტროლში გადავიდა, შემდეგ კი სრული მაუნთის პოზიცია დაიკავა.
რაუნდის დასრულებამდე 75 წამით ადრე მან კვლავ დაიწყო მუშტებისა და იდაყვების გამოყენება. დოლიძემ პრაქტიკულად ვეღარაფერი დაუპირისპირა და საბოლოოდ მსაჯმა ბრძოლა შეაჩერა.