UFC-მ რაონი ბარსელოსის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა მას შემდეგ, რაც ოქტაგონზე შემაშფოთებელი სცენა განვითარდა.
UFC Fight Night 289-ის მთავარ ბრძოლაში ბარსელოსი რაულ როსას უმცროსთან ორთაბრძოლისას უჩვეულო სიტუაციაში ნოკაუტში ჩავარდა. შემთხვევა მძიმე და დაძაბული ბრძოლის მე-5 რაუნდში მოხდა.
როსას უმცროსმა (13-1 MMA, 7-1 UFC) ბარსელოსი (22-6 MMA, 11-5 UFC) კლინჩში მოაქცია და ფეხის გამოდებით პარტერში გადაიყვანა. ოქტაგონის საფარზე დაცემისას ბარსელოსმა გონება დაკარგა.
როსას უმცროსმა მაშინვე შეამჩნია, რომ მეტოქე გათიშული იყო, დამატებითი დარტყმებისგან თავი შეიკავა და გამარჯვების აღნიშვნა დაიწყო.
ამ დროს ბარსელოსი ოქტაგონზე დაცემული რჩებოდა და მის მდგომარეობას სამედიცინო პერსონალი ამოწმებდა. მალევე ის საკაცით გაიყვანეს ლას-ვეგასში მდებარე Meta APEX-ის ოქტაგონიდან და ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს.
UFC-ის ვეტერანმა და ბარსელოსის გუნდის წევრმა, დავი რამოსმა, სოციალურ ქსელში დაადასტურა, რომ მისი თანაგუნდელი საავადმყოფოში გონზე მოვიდა და საუბარი შეეძლო.
UFC-მ ბარსელოსის მდგომარეობასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც მისი მკურნალობის დეტალებია აღნიშნული:
„დღევანდელი ბრძოლის შემდეგ რაონი ბარსელოსი დაუყოვნებლივ გადაიყვანეს პირველი დონის ტრავმატოლოგიურ ცენტრში მდგომარეობის შესაფასებლად.
საავადმყოფოს სამედიცინო გუნდმა ჩაუტარა კომპიუტერული ტომოგრაფია (CT) და სრული გამოკვლევა. ამჟამად ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
ბარსელოსის მდგომარეობა სტაბილურია, ის გონზეა, რეაგირებს და სრულად ამოძრავებს კიდურებს. ის სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ დარჩება.
მისი მდგომარეობის შესახებ დამატებით ინფორმაციას სიახლეების მიღებისთანავე გავავრცელებთ.“ - წერია განცხადებაში.