VIDEO: სინერი და საბალენკა მე-3 წრეში არიან, ანდრეევა უიმბლდონს გამოეთიშა
01 ივლ, 2026 · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
იანიკ სინერი კვლავ ვერ იყო საუკეთესო ფორმაში, თუმცა მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა მაინც შეძლო პორტუგალიელი ნუნუ ბორჟეშის დამარცხება უიმბლდონის მეორე წრეში - 7:6 (7/4), 7:6 (7/2), 6:4.
24 წლის იტალიელმა პირველ წრეში სენსაციისგან თავი ძლივს დაიხსნა, როდესაც სერბ მიომირ კეჩმანოვიჩთან ორ სეტში ჩამორჩენის შემდეგ შეხვედრის შემოტრიალება მოახერხა.
კეჩმანოვიჩთან მატჩში სინერი უხერხული დაცემის შედეგად დაშავდა და მარჯვენა ტერფიც დაიზიანა, რის გამოც სისხლიც წამოუვიდა.
მიუხედავად ამისა, მეორე წრეში დაბრუნებულ სინერს ტრავმის კვალი აშკარად არ ეტყობოდა, თუმცა მსოფლიოს 48-ე ნომრის წინააღმდეგ საკუთარი თამაშის სრულად კონტროლი მაინც უჭირდა.
სინერმა გასულ წელს კარლოს ალკარასს ფინალში შესანიშნავი გამარჯვებით უიმბლდონის ტიტული წაართვა და ესპანელის 2-წლიანი დომინირება დაასრულა.
თუმცა ამჟამად ის ჯერ კიდევ შორსაა იმ დონისგან, რომელიც მაშინ აჩვენა. მე-3 წრეში მისი მეტოქე ამერიკელი ჯენსონ ბრუქსბი (მსოფლიოს 81-ე ნომერი) იქნება.
მირა ანდრეევა უიმბლდონზე ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ახალგაზრდა ვარსკვლავად ჩავიდა, მას შემდეგ რაც ივნისში პარიზში კარიერაში გრანდ სლემის პირველი ტიტული მოიგო.
თუმცა რუსმა თინეიჯერმა როლან გაროსზე მოპოვებული იმპულსი ვერ შეინარჩუნა და ბარბორა კრეჩიკოვამ კვლავ გაიხსენა ის თამაში, რომელმაც 2 წლის წინ მოულოდნელად უიმბლდონის ჩემპიონობა მოაპოვებინა.
30 წლის ჩეხმა, რომელიც 2021 წელს საფრანგეთის ღია პირველობის გამარჯვებულიც გახდა, შთამბეჭდავი ქამბექი შეასრულა და 4:6, 7:5, 6:4 მოიგო.
არინა საბალენკამ რთული მეორე სეტის მიუხედავად ამერიკელი მაკარტნი კესლერი დაამარცხა.
გრანდ სლემის 4-გზის ჩემპიონმა 6:1, 7:6 (11/9) მოიგო და მე-3 წრეში საფრანგეთის ღია პირველობის ყოფილ ჩემპიონ ელენა ოსტაპენკოსთან დაპირისპირება გაინაღდა.
საბალენკას უიმბლდონი არასდროს მოუგია - ბოლო 3 მონაწილეობისას იგი ნახევარფინალში ჩერდებოდა.
იაპონელმა ნაომი ოსაკამ რუს ანასტასია გასანოვას 6:3, 6:2 სძლია და კარიერაში პირველად უიმბლდონის მერვედფინალში გასვლას უმიზნებს.
ამერიკელმა მეშვიდე ნომრად განთესილმა კოკო გაუფმა გადამწყვეტი სეტის ტაი-ბრეიკში სოლანა სიერა დაამარცხა, ხოლო მისმა თანამემამულემ, მე-4 ნომრად განთესილმა ჯესიკა პეგულამაც, შემდეგ ეტაპზე გასვლა შეძლო.
კაცთა თანრიგში დღის ბოლო მატჩში კი ნოვაკ ჯოკოვიჩმა სტეფანოს ციციპასი 3 სეტში მარტივად დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა - 6-3, 6-4, 6-2.
მე-3 წრეში სერბი ლეგენდა ფრანგ რინდერკნეშს შეხვდება, რომელმაც თავის მხრივ ამერიკელ დამს 3 სეტში მოუგო.