VIDEO: თავით შორეულ კუთხეში - კიტეიშვილმა სეზონში მე-9 გოლი გაიტანა
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგის 2025-26 წლების სეზონში მორიგი გოლი გაიტანა. მისი შტურმი შინ ლასკ-თან 1:3 დამარცხდა.
გრაცელები სწრაფი გოლით მას შემდეგ დაწინაურდნენ, რაც მე-7 წუთზე მათი კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის კომბინაცია შედეგიანად დასრულდა - იონ გორენც სტანკოვიჩმა კიტეიშვილს ჩაუწოდა, ოთომ კი შორეულ კუთხეში ლამაზი დარტყმით შეაგდო. შეიძლება, ლეო მესის მანჩესტერთან 2009-ის ფინალის გოლიც გაგვხსენებოდა.
29 წლის ქართველმა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონის ბუნდესლიგაში მე-7, ხოლო ყველა ტურნირის ეგიდით მე-9 გოლი შეაგდო. ჯამურად ჩატარებულ 18 თამაშში 11 საგოლე მოქმედება აქვს - 2 ასისტიც.
შტურმმა ლასკ-თან მნიშვნელოვანი თამაში წააგო, ქულებით ეს გუნდი წამოეწია (22-22) და მეოთხე-მეხუთე ადგილებს იყოფენ - ლიდერ ზალცბურგთან სხვაობა 3 ქულაა. თუმცა, კიტეიშვილის გუნდს თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული და პოტენციური თანალიდერია.
30 ნოემბერს, გრაცელებს კიდევ ერთ კონკურენტ და მათსავით 22-ქულიან ჰარტბერგთან სტუმრად თამაში მოუწევთ. იქამდე, ევროპა ლიგის ეგიდით, ბერძნულ პანათინაიკოსს ეწვევიან.